19 ნოემბერი 2026,   18:08
ვრცლად
თორნიკე ჭეიშვილმა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან ისტორიული გამარჯვებების ნუსხა წარადგინა, რომელთა შედეგად ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს დაეკისრა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული საქმეების ჩამონათვალი წარადგინა.

მან ხაზი გაუსვა 2021 წლიდან 2024 წლამდე აღნიშნულ სასამართლოებში მიღწეულ არაერთ გამარჯვებას, რომელთა შედეგად, სხვა მიღწევებთან, ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთის ფედერაციას დაეკისრა და დადასტურდა, რომ ქართველ ჯარისკაცებს არანაირი დარღვევა არ ჩაუდენიათ.

"ჩამოვთვლი თარიღებს შესაბამისი ისტორიული გამარჯვებებისა საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში, ჰააგის სასამართლოში. პირველი ეს იყო 2021 წლის 21 იანვარი - სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის საქმეზე, რომლის მიხედვითაც: პირველი - სამართლებრივად დადასტურდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ამ გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის ტერმინი „ოკუპაცია“ გამოყენებული. ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრა რუსეთს და ფაქტობრივად დადასტურდა რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკური წმენდა. ეს ერთი გადაწყვეტილება. მეორე - ეს უკვე ჰააგა არის, 2022 წელი, როდესაც ასევე ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ ჰააგის სასამართლოში და დაკავების ორდერები იქნა გამოცემული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენ პირებზე.
შემდეგი საქმე, 2023 წელი - 2008 წლის ომის საქმეზე ჩადენილი დარღვევებისათვის რუსეთს საქართველოს 24 000-მდე მოქალაქის სასარგებლოდ 130 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. 2023 წელი ასევე - საქართველომ მოიგო კიდევ ერთი დავა, სტრასბურგის სასამართლოზეა ლაპარაკი, მის წინააღმდეგ შეტანილ ყველა - საუბარია 3300 საჩივარზე - და საბოლოოდ დადასტურდა, რომ 2008 წლის ომის დროს ქართულ სამხედროებს არანაირი დარღვევა არ ჩაუდენიათ. ასევე 2023 წელი - საქართველოს გამარჯვებით დასრულდა ოკუპირებული აფხაზეთიდან სტრასბურგის სასამართლოში შესული საჩივრები, რომლითაც პირველი - დადასტურდა, რომ რუსეთი საქართველოზე, შესაბამის ტერიტორიაზეა ლაპარაკი, ეფექტურ კონტროლს 90-იანი წლებიდან მოყოლებული ახორციელებდა, უფრო მეტიც, ხაზი გაესვა 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციას. 2024 წლის 9 აპრილი - ეს არის ასევე ისტორიული გამარჯვების თარიღი, როცა საქართველომ სრულად მოიგო რუსეთის წინააღმდეგ მორიგი დავა, ეს არის ე.წ. წოდებული „განგრძობადი ოკუპაციის“ საქმე, რითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ოკუპაცია განგრძობადია დღემდე და ამ პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ საოკუპაციო ხაზს გასწვრივ ყველა დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. 2024 წლის დეკემბერი - საქმე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ - გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა. ეს არის შესაბამისი ისტორიული გამარჯვებების შესაბამისი ნუსხა," - განაცხადა თორნიკე ჭიეშვილმა.

დღის ამბები