მანილაში საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საპარლამენტო (ASEAN) დიალოგი გაიმართა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის 47-ე ყოველწლიური სხდომის ფარგლებში, რომელიც ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მიმდინარეობს, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში არსებულ ტენდენციებზე ილაპარაკა.
ნიკოლოზ სამხარაძემ მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა.
ილაპარაკა სხვადასხვა სფეროში გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე.
„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა მოსმენა საქართველოს შესახებ, სადაც შესაძლებლობა მქონდა მემსჯელა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ როლზე ენერგეტიკული უსაფრთხოების, შუა დერეფნის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტი და ციფრული დაკავშირებადობის განვითარების კუთხით. ასევე ხაზი გავუსვი საქართველოს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკური თავისუფლების, გამჭვირვალობისა და მმართველობის სფეროში მიღწეულ შედეგებს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ასეანის საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.
აღნიშნეს, რომ საქართველოსთან აკავშირებთ კარგი პოლიტიკური ურთიერთობები და სხვადასხვა დარგში, მათ შორის სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.
მათი განცხადებით, სასურველია საქართველოს მხრიდან ორმხრივი ვიზიტები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში კიდევ უფრო მეტი სიხშირით განხორციელდეს.
„მოსმენაზე ყველა ქვეყნის დელეგაციებმა აღნიშნეს, რომ მათი სურვილია საქართველოსთან როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ფორმატებით ურთიერთობების გაღრმავება და გამოთქვეს მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზეც. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს არამხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კონტაქტების გაღრმავებასაც.
მათ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი და რომ მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ურყევია.
საქართველოს შესახებ მოსმენაში მონაწილეობა მიიღეს
ფილიპინების, სინგაპურის, ტაილანდის, მალაიზიის, ვიეტნამის, კამბოჯის, ლაოსის და ბრუნეის საპარლამენტო დელეგაციებმა.