19 ნოემბერი 2026,   18:25
ვრცლად
ნიკა გვარამია "იმედის" და "პოსტივის" დასანქცირებას მხარს უჭერს, მაგრამ "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას მცდარს უწოდებს

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა ცოტა ხნის წინ განახლდა. პროცესი მოპასუხე მხარის კითხვებით გრძელდება. შესვენებამდე კი დარბაზში კითხვები მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა დასვეს. "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე ისაუბრა და მოსამართლეთა პლენუმს გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის საქმეებში მსჯავრდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ჩამონათვალი წარუდგინა.

მოპასუხეს კითხვები დაუსვეს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, სტრასბურგში განხილულ საქმეებზე. მედიასთან დაკავშირებით - ეთანხმება თუ არა ოპოზიცია ბრიტანეთის მიერ კონკრეტული მედიასაშუალებებისთვის დაწესებულ სანქციებს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის საქმეზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის მიერ დასმულ კითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა "იმედის" და "პოსტივის" დასანქცირებას, ნიკა გვარამიამ უპასუხა, რომ ეთანხმება.

"რა თქმა უნდა მხარს ვუჭერ, ორივე არის პროპაგანდისტი, საზიზღარი ტელევიზია. საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ, უკაცრავად, ამ ჩემ ფეხებს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე.

ამასთან, გვარამია არ ეთანხმება "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებას, რომელმაც წართმეული ტელევიზია კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა და სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადასტურა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კონვენციის შესაბამისად იყო მიღებული.

"არა, არ ვეთანხმები, მათ შორის, ამ ნაწილში არ ვეთანხმები არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მცდარია ევროპული სასამართლოს ნაწილში და კორუმპირებული სასამართლოს ნაყოფია, ჩვენი სასამართლოს ნაწილში. ეს არის ჩემი პასუხი", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიამ.

 

დღის ამბები