19 ნოემბერი 2026,   21:41
ვრცლად
ტრამპის, სი ძინპინის და პუტინის პირველი სამმხრივი შეხვედრა შედგა - ექნება თუ არა შედეგი შენჟენში გამართულ 90 წუთიან მოლაპარაკებას

უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაცია, ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესუსტება, ენერგომომარაგების შეფერხება და ტექნოლოგიური კონკურენცია - შენჟენში სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სწორედ იმ კრიზისებს დაეთმო, რომლებიც, ვაშინგტონის, პეკინისა და მოსკოვის შეფასებით, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის რღვევამ გამოიწვია.

"დამოკლეს მახვილი" - მუდმივი საფრთხე, რომელიც მოჩვენებით კეთილდღეობას სდევს თან. ამ ძველბერძნული მეტაფორით დაახასიათა ჩინეთის პრეზიდენტმა ბირთვული კონფლიქტის საშიშროება და მსოფლიო ლიდერებს ატომური იარაღის აკრძალვის და არსენალის განადგურებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ლიდერებმა სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ხუთი პუნქტისგან შედგება - მიღწეულია ბირთვული რისკების შემცირების და ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციის შესახებ დიალოგის მზაობა, თუმცა კომუნიკეში არაფერი წერია უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე.

მაგიდაზე კონკრეტული წინადადებები დადო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. მთავარ ინიციატივებს შორისაა ბირთვული ქობინების შემცირება და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების აღკვეთა. ტრამპმა ირანიც ახსენა და კოლეგებს უთხრა, რომ აშშ არ დაუშვებს, თეირანმა ამ ტიპის იარაღი შექმნას.

დახურულ კარს მიღმა, სამმხრივი შეხვედრის დაწყებამდე, დონალდ ტრამპმა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პირისპირ შეხვედრა გამართა ვლადიმერ პუტინთან. შეხვედრის დროს, მედიასთან საერთო ფოტოს გადაღებისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუს კოლეგას მეგობარი უწოდა.

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ამერიკის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ერთად მივიდა. რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ესწრებოდა. უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხზე კოლეგებმა 40 წუთს განმავლობაში ისაუბრეს.

სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ არ შედგა დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია. დონალდ ტრამპის კორტეჟმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი დატოვა - პრეზიდენტი ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში უკვე გაემგზავრა. რამდენიმე საათში დონალდ ტრამპი აზიურ ტურნეს "ეარ ფორსის“ ბორტზე მედიასთან საუბრისას შეაჯამებს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები