მთელი ქვეყანა იმედით ადევნებს თვალს სამაშველო ოპერაციას, რომელიც უკვე 12 საათია გრძელდება ფონიჭალაში. გაზის აფეთქების შედეგად ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში ამ დროისთვის ნაპოვნია 4 ცხედარი: ერთი მცირეწლოვანი ბავშვის და 3 ქალის. მანამდე საღამოს 6 საათისთვის მაშველებმა უვნებელი გამოიყვანეს 3 წლის გოგონა. სავარაუდოდ, სწორედ მისი დედაა გარდაცვლილი. გრძელდება 2 ადამიანის ძებნა.
ტრაგედიის ადგილზე დილიდან სხვადასხვა სამსახურიდან მობილიზებულია 200-ზე მეტი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, კინოლოგები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და თბილისის მერიის მუნიციპალური სამსახურები.
ჩამონგრეული კორპუსიდან გაყვანილია - 28 ოჯახი. ადგილზე მუშაობენ ექსპერტებიც. სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ კი პირველადი შეფასებით უკვე დაადგინა, რომ 6 სადარბაზოდან ორი პრობლემურია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.