20 ნოემბერი 2026,   00:24
ვრცლად
სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია, ამ დროისთვის გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები

"სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია" - შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის ცნობით, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს.


ხუთი დაშავებული, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი კი სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები, საიდანაც ერთის მდგომარეობაა კრიტიკულად მძიმეა.

მინისტრის ცნობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება.

"სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია. მეხანძრე-მაშველების მიერ საერთო ჯამში საბედნიეროდ ხუთი მოქალაქე იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ხუთი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა არის მხოლოდ კრიტიკულად მძიმე. ასევე, სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. პირველ რიგში მინდა მათ ოჯახებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს მივუსამძიმრო. ეს ტრაგედია, რა თქმა უნდა, არის მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა ყველაზე მძიმე მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის.

ამ დროისთვის გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, კონკრეტულად შემთხვევის ადგილის დათვალიერება კრიმინალისტიკური მტკიცებულებების ჩართულობით ყველა საჭირო მტკიცებულების მოპოვების მიზნით. მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში. აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადო მუნიციპალურ სამსახურებს და პირველ რიგში ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. მინდა მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მთელი დღის განმავლობაში თანამშრომლობისთვის, რომ მოქალაქეებს, საზოგადოებას ჰქონდათ შესაძლებლობა მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში თვალი ედევნებინათ მოვლენებისთვის," - აცხადებს სულხან თამაზაშვილი. 

დღის ამბები