19 ნოემბერი 2026,   22:15
ვრცლად
ბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი - მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულები იმყოფებიან.

როგორც მინისტრი აცხადებს, კლინიკაში მყოფი ბავშვების მდგომარეობა ნორმალურია, ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან:

"საბედნიეროდ, აქ მყოფი ორი ბავშვის მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, არავითარი სახიფათო და რთული დაზიანება მათ არ მიუღიათ.

ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ბუნებრივია, რომ ასეც გაგრძელდება. უკლებლივ ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, იქნება უზრუნველყოფილი. ველოდებით სამძებრო სამუშაოებს თუ როგორ წარიმართება. სამედიცინო დაწესებულებები აბსოლუტურად მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ყველას, ვისაც დასჭირდება რაიმე სამედიცინო მხარდაჭერა, იყოს უზრუნველყოფილი ყველა მხრივ, ყველა თვალსაზრისით.

რაც შეეხება ბავშვებს, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება საჭიროება, ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ და მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს, რომლებსაც ასეთი ცუდი ამბავი დაემართათ,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მამაკაცი რომელმაც დამწვრობა მიიღო მძიმე მდგომარეობაშია.

"მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მას ძალიან მძიმე დაზიანება აქვს სხეულზე და არ მინდა წინასწარ რაიმე სახის დასკვნები გავაკეთო. ექიმები უკლებლივ ყველაფერს აკეთებენ, რომ სიცოცხლე გადაარჩინონ. რა გამოვა ამ ყველაფრიდან ამას დრო და მკურნალობის შედეგები გვაჩვენებს.

რაც შეეხება ქალბატონს, ის უკვე გაეწერა კლინიკიდან, დღეს დილითვე იყო შეყვანილი კლინიკაში და მას არ ჰქონდა საბედნიეროდ ისეთი სახის დაზიანება, რაც მოითხოვდა მის კლინიკაში დაყოვნებას.

ყველა რესურსი მობილიზებულია იმისათვის, რომ რა საჭიროებაც გაჩნდება, ყველაფერზე რელევანტური რეაგირება იქნება,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები