21 ნოემბერი 2026,   12:26
ვრცლად
ინგოროყვას ექიმი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ბავშვებზე: 11 წლის ვაჟის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე დამაკმაყოფილებელია 3 წლის გოგონას მდგომარეობაც, ორივე პაციენტი დინამიკაში გაუმჯობესებულად ითვლება

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ხვალ საქართველოში გლოვის დღეა. შემთხვევის ადგილზე კვლავ ექსპერტ-კრიმინალისტები და სპეციალისტები მუშაობენ. მეხანძრე-მაშველებს კი, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მოსახლეობა კორპუსში შეჰყავთ და პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან.

ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან ნგრევის შედეგად დაშავებულები. სტაბილურია მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა.

ინგოროყვას მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთი ბარაბაძემ განაცხადა, რომ 11 წლის ვაჟის მდგომარეობა კლინიკაში მოთავსებისას მძიმე იყო. მას რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, ამ მომენტისთვის ბავშვის მდგომარეობა რეანიმაციულ განყოფილებაში დამაკმაყოფილებელია, დინამიკაში კი გაუმჯობესებული.

რაც შეეხება 3 წლის გოგონას, ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას ექიმთა მულტიპროფილურ გუნდთან ერთად, მეთვალყურეობას ფსიქოლოგიც უწევს:

"პედიატრიულ დეპარტამენტში შემოყვანილი არის ორი პაციენტი - 11 წლის ვაჟი და სამი წლის გოგონა. 11 წლის ვაჟის მდგომარეობა კლინიკაში შემოსვლისას იყო მძიმე, გამოხატული იყო მრავლობითი ტრავმული დაზიანებები. კლინიკის ყბა-სახის ქირურგთა გუნდის მიერ ჩატარებული იქნა რეკონსტრუქციული ოპერაცია. პაციენტის სიმძიმის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოთავსებული იქნა პედიატრიული დეპარტამენტის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. შემოსვლის მომენტიდან, პაციენტს მეთვალყურეობას უწევს კლინიკის ექიმთა მულტიპროფილური გუნდი, ჩართული არის ასევე ფსიქოლოგი. ბავშვის მდგომარეობა რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს არის დამაკმაყოფილებელი, დინამიკაში გაუმჯობესებული.

მეორე პაციენტი, სამი წლის გოგონა, კლინიკაში შემოსვლისას შეფასდა როგორც არამძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით, მოთავსებული იქნა პედიატრიული განყოფილების პედიატრიულ პალატაში. თავიდანვე გამოხატული იყო მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ზემოქმედება. აღენიშნებოდა მარცხენა მუხლის სახსრის დაზიანება და შესაბამისი ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები. მკურნალობაში თავიდანვე ჩაერთო ექიმთა მულტიპროფილური გუნდი, უწევს მეთვალყურეობას ფსიქოლოგიც. დღეის მდგომარეობით, პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, დინამიკაში გაუმჯობესებული. ორივე პაციენტი აქტიურია, შემოდის კონტაქტში, პასუხობს ადეკვატურად კითხვებს, იღებს საკვებს და მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულად ითვლება,"- აცხადებს ქეთი ბარაბაძე.

დღის ამბები