რა მიზნით ვრცელდება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო თარიღის გარეშე და რატომ ცდილობენ საზოგადოების ემოციებზე თამაშს? ოპოზიციის პროპაგანდისტ თორნიკე რაზმაძესთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშიდან ვრცელდება ვიდეო - თითქოს ბათუმში კორპუსი დაინგრა და ხალხი დაიღუპა. ვიდეოზე მითითებულია, თითქოს ასობით ადამიანი, კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის გამო, ნანგრევებში აღმოჩნდა, ხოლო 30 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.
რეალურად კი გამოყენებულია ძველი კადრები, ყოველგვარი თარიღის მითითების გარეშე. თავად რაზმაძე სოციალურ ქსელში აღნიშნულ გვერდთან კავშირს უარყოფს. საზოგადოებაში პანიკის დათესვის მცდელობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია და ოპოზიციასთან აფილირებული პირები მუდმივად ცდილობენ, უარყოფითი თემების ტირაჟირებას და ანტისახელმწიფოებრივი განწყობების შექმნას.
"ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან, ოპოზიცია და ოპოზიციასთან აფილირებული გარკვეული პირები თუ მედიასაშუალებები, ძირითადად, დაკავებული არიან იმით, რომ რაღაც უარყოფითის მუდმივი ტირაჟირება მოახდინონ, ამით საზოგადოება დაზაფრონ, ანტისახელისუფლებო განწყობები გააღვივონ და ახლა, რაღაცნაირად, 28 ნოემბრის მიტინგისათვის უკმაყოფილების გარკვეული ტალღა დაბადონ ამით და თავიანთი მიტინგის მრევლი შეაგროვონ. ეს არის ის მდაბიო, ყოველგვარ ეთიკას გამოცლილი ვითარება, რის გამოც ასეთი ტიპის ინფორმაციები ვრცელდება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.