საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ ინიციატივაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება. სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად მმართველი გუნდი ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს ასახელებს.
ინიციატივის ავტორები განმარტავენ, რომ აკრძალვა შეეხება მხოლოდ სუროგაციას და არა ინვიტრო განაყოფიერებას. სიახლის შესახებ პირველი განცხადება გუშინ უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, გიგა ფარულავას განცხადებით, საქართველოში სუროგაციის პრობლემა მწვავედ დგას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პარლამენტში შესულ ინიციატივას გაეცნობიან.
"რაც შეეხება სუროგაციის თემას და დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ეს მიმართულება ძალიან რთულია, ძალიან პრობლემატურია ეს საკითხი. როდესაც უშუალოდ გავეცნობით, რა ინიციატივა იქნება შემოსული პარლამენტში, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ეს საკითხი არის ძალიან სენსიტიური. ვნახავთ, რა ცვლილებებით შემოვლენ პარლამენტში და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. შესაბამის შეფასებასაც, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ. ფაქტია, რომ დღეს ეს პრობლემა მწვავედ დგას საქართველოში", - განაცხადა გიგა ფარულავამ.