გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგია კათალიკოს-პატრიარქმა აღავლინა. შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა.
ღვთისმსახურებას ბოდბეში, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლიტურგიის შემდეგ, პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ეკლესიაში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
მიხეილ ყაველაშვილმა მოსახლეობას გიორგობა მიულოცა და განაცხადა, რომ სწორედ ქრისტიანულმა რწმენამ და წმინდა გიორგის მფარველობამ მოიყვანა ქვეყანა დღემდე.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია წინაპრების გზის გაგრძელება, ქვეყნის გაქრისტიანების 1 700 წლის იუბილესთან დაკავშირებული გზავნილების გააზრება, საკუთარი მისიის განსაზღვრა და შინაგანი ვნებების დაძლევა.
"უწმინდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, ყოვლადსამღვდელო მეუფენო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, პარლამენტისა და მთავრობის წევრებო, ძვირფასო სასულიერო პირებო, დედებო, ძვირფასო დებო და ძმებო, სრულიად საქართველო, გილოცავთ გიორგობას - ჩვენი ერისთვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქრისტიანულ დღესასწაულს. წმინდა გიორგი - ქრისტესთვის მებრძოლი, უტეხი სული, მტკიცე რწმენა - ბოროტებაზე სიკეთით გამარჯვების მარადიული სიმბოლოა.
უდიდესია მისი წვლილი ქრისტიანულ სამყაროში და სწორედ ჩვენმა ერმა, ჩვენმა წინაპარმა მისი ამ გამორჩეული ცხოვრების, ღვაწლისა და მოწამეობრივი სიცოცხლისა შეიყვარა, შეიყვარა ისე, როგორც საკუთარი არსი, და დაუკავშირა ჩვენი ერის ცხოვრება, ჩვენი ერის არსებობა წმინდა გიორგის ცხოვრებას, მოღვაწეობასა და მოწამეობრივ აღსასრულს.
ამიტომაც არის გამორჩეული წმინდა გიორგის სახელი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ერში.
ასევე, ჩვენი მებრძოლები, როცა უთანასწორო ბრძოლაში მიდიოდნენ, გამოუვალ სიტუაციებშიც ყოველთვის არა მხოლოდ ზეციურ მფარველად მიაჩნდათ, არამედ როგორც თანამებრძოლად და წინამბრძოლად წმინდა გიორგი. და ეს არაერთმა ჩვენმა მართლაც საკვირველმა ბრძოლამ დაგვანახა, რომ რამხელა ძალა აქვს რწმენას - ქრისტეს რწმენას, წმინდა გიორგის რწმენას - და აქამდე მოვიდა ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო.
ეს უდიდესი განძი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენმა თანამედროვე ხალხმა მოგვიტანა აქამდე, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია - უნდა დავფიქრდეთ ყველანი, ამ ქვეყნის შვილები, თითოეული ჩვენგანი, თუ რა არის ჩვენი ცხოვრების არსი და მისია. სწორედ აქ არის აუცილებლად გასააზრებელი, რომ, რა თქმა უნდა, ამ გამოწვევებში, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს, ჩვენი პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის ერი მუდმივად იქნება ამ გამოწვევების პირმშო.
მაგრამ მთავარი გზა, რომელსაც ქართველმა ერმა დიდი ხნის წინ დაუდო საფუძველი - და უწმინდესმა ბრძანა, რომ 1 700 წელს აღვნიშნავთ ჩვენი სახელმწიფოს გაქრისტიანებისა - სწორედ ამ გზაში არის ჩვენი გადარჩენა და მომავალი.
ამიტომ, თანამედროვე ეპოქაში მცხოვრებ ამ ქვეყნის შვილებმა უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი, დავფიქრდეთ და გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების გზა. რაში მდგომარეობს ეს გზა? ეს გზა მდგომარეობს იმაში, რომ, გარდა ხილული გამოწვევებისა, ჩვენ - თითოეულმა ჩვენგანმა შინაგანი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა, და ამის უდიდესი მაგალითია სწორედ წმინდა გიორგი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობას! ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, მადლობა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.