ევროპარლამენტში დღეს საღამოს საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვაა დაგეგმილი. ევროპარლამენტარების ნაწილის მიერ მომზადებული პროექტი პაატა ბურჭულაძეს, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს და ადამიანის უფლებებს ეხება. აღნიშნულ პროექტზე ხელისუფლებაში შეფასებები კეთდება. მმართველი გუნდი მორიგ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს.
მათი შეფასებით, რეზოლუციის პროექტი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს, რადგან 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე დაკავებულებს დანაშაული აღიარებული აქვთ. შესაბამისად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ამ საკითხის ჩაწერა სხვა არაფერია, თუ არა კრიმინალის მფარველობა და აღიარებული დანაშაულის ლობირება.
"სამწუხაროა, მაგრამ ამ რეზოლუციას, ისევე როგორც სხვა ამ რეზოლუციის წინამორბედებს, სამწუხაროდ, არაფერი საერთო არა აქვს, არც რეალობასთან, არც სამართლიან ფაქტებთან და, მით უმეტეს, იმ რეალობასთან, რა რეალობაც არის. ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი რეზოლუცია, რომელიც არის იმისთვის, რომ კოჭი გაუგოროს იმ ადამიანებს, ვინც დღეს კიდევ რადიკალიზმზე ან სხვა ძალადობრივ ქმედებებზე ფიქრობს.
მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამას არანაირი არც ფასი, არც შედეგი არ აქვს. იმ დროს, როდესაც ამ რეზოლუციის პროექტზე განცხადებებს აკეთებენ მისი ავტორები, ამის პარალელურად, ქვეყნის შიგნით ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ, პირდაპირ ჰყვებიან, ინანიებენ და აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს - აი, ამის პარალელურად, როდესაც გვესმის განცხადებები ამ ავტორების მხრიდან, კიდევ უფრო მეტად სავალალო მდგომარეობაში იყენებენ თვითონ თავს", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.