25 ნოემბერი 2026,   16:04
ვრცლად
აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოზე და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისზე კიბერშეტევა განხორციელდა - Reuters

აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოზე (CIA) და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისზე (ODNI) კიბერშეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც მათი გარკვეული არასაიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, კიბერშეტევამ გავლენა მოახდინა ქსელზე, რომელიც ღია, არასაიდუმლო მასალებში სადაზვერვო ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზისთვის გამოიყენება.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი არასაიდუმლო მასალები აღმოჩნდა ჰაკერების ხელში. გამოცემის ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ კიბერშეტევის შედეგად სხვა სამთავრობო უწყებების ინფორმაციაც გამჟღავნდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში განაცხადეს, რომ "კრიტიკული შესაძლებლობების ან საიდუმლო სისტემების მუშაობაში შეფერხება არ ყოფილა".

როგორც Reuters-ი წერს, ეს ინფორმაცია ტექნოლოგიური შეფერხებებისა და კიბერუსაფრთხოების ინციდენტების კიდევ ერთი შემთხვევაა. მათ შორისაა, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტზე ჰაკერული თავდასხმა, რომლის შესახებაც ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ბოლო პერიოდში გამოძიების ფედერალურ ბიუროშიც (FBI) კიბერშეტევის ორი ცალკეული შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, ბოლოდროინდელი კიბერშეტევის შედეგად დაზარალდნენ პენტაგონი და აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი.

დღის ამბები