24 დეკემბერი 2024,   07:44
ვრცლად
სოფელ მოხეში არსებული სადავო ისტორიული ნაგებობის ბედი ისევ გაურკვეველია

ორწლიანი მსჯელობის მიუხედავად, სოფელ მოხეში სადავო შენობის ბედი ისევ გაურკვეველია. სპეციალურად შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით, ისტორიული ნაგებობა მუსლიმ თემს არ გადაეცემა და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება. კომისიის წევრები მუსლიმ მოსახლეობას ალტერნატივად, ახალი მეჩეთის აშენებას სთავაზობენ.

დაპირების მიუხედავად, რა ტერიტორიაზე აშენდება მეჩეთი, უცნობია. კომისიის წევრებს არც ის განუმარტავთ, როდის დაიწყება მშენებლობა. მუფთები, რომლებიც კომისიაში მუსლიმთა ინტერესებს წარმოადგენენ, განმარტავენ, რომ რელიგიის სააგენტოს შეთავაზება, როგორც მათთვის, ასევე მუსლიმი თემისთვისაც მისაღებია.

სამუფთოს წევრებისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს მოხეს მუსლიმ მრევლს. თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამუფთოს სამმართველოსთან მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა. მათი ერთადერთი უპირობო მოთხოვნა, სოფლის ცენტრში არსებული შენობის მათთვის გადაცემაა.

მუსლიმი თემი არ გამორიცხავს, რომ კომისიაში მყოფ მუფთზე ზეწოლა ხორციელდება. ისინი ლოცვის გაგრძელებას სადავო შენობის ტერიტორიაზე გეგმავენ.

კომისიის გადაწყვეტილება მისაღებია ადგილობრივი მართლმადიდებლებისთვის. ისინი შენობის მუსლიმი თემისთვის გადაცემას მიუღებლად მიიჩნევენ.

 

ავტორი: მარიამ ჭოხონელიძე 

დღის ამბები