უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკვლევას არ დაიწყებს. ამის შესახებ საბჭოს მდივანმა ჟურნალისტებს უკვე დაუდასტურა.
ლევან მურუსიძე დარწმუნებულია, რომ რუსთავი2-ის ხელმძღვანელობის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია ცილისწამებაა. მას მმართველი გუნდის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, მიხეილ ჩინჩალაძის, უდანაშაულობაში ეჭვი არ შეაქვს.
მოსამართლე ჩინჩალაძისა და დეპუტატ ზარდიაშვილის კავშირი რუსთავი2-ის საქმესთან არხის ხელმძღვანელობამ კვირის დასაწყისში საგანგებო ბრიფინგზე განმარტა.
ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილი, რომელიც ქართული ოცნების ახალი დეპუტატია, რუსთავი2-ის საქმეზე ხელისუფლებასა და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელ პირებს შორის მედიატორის როლს ასრულებს.
ზარდიაშვილი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, მიხეილ ჩინჩალაძის, ახლო მეგობარი და ნათესავია. ის მე-9 მოწვევის პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს.
სკანდალში, რომელზეც რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი საუბრობს, ვანო ზარდიაშვილი 2012 წელს გაეხვა. მაშინ ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი იყო. სასამართლოს მანდატურებმა მას პროკურატურაში ზეწოლისა და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო უჩივლეს. მანდატურების თქმით, ზარდიაშვილი მათ ნაციონალური მოძრაობის მიტინგებზე წასვლას აიძულებდა, ქართული ოცნების შეკრებებზე გამოჩენას კი უკრძალავდა.
ვანო ზარდიაშვილისა და მიხეილ ჩინჩალაძის ურთიერთობის გარდა, კვალიფიკაცია და არხის გენერალურ დირექტორთან დამოკიდებულებაა ის დამატებითი არგუმენტები, რის გამოც მიხეილ ჩინჩალაძის საქმიდან აცილების მოთხოვნით რუსთავი2-ის ადვოკატებმა სასამართლოს ოფიციალურად უკვე მიმართეს.
მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის გარდა, რუსთავი2-ის ადვოკატები გადაწყვეტილებას კიდევ სამი მოსამართლის აცილების შესახებ ელოდებიან.
როდის გახდება ცნობილი მოსამართლეთა აცილების შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ჯერ უცნობია ისევე, როგორც ცნობილი ჯერ არ არის დიდი პალატის ზუსტი შემადგენლობა, რომელიც რუსთავი2-ის საქმეზე იმსჯელებს.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე