ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ერთიანი საინფორმაციო კამპანია ერთდროულად საქართველოს 9 დიდ ქალაქში დაიწყო, მათ შორის თბილისშიც.
ომბუცმენის აპარატის, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და მათ ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, დაარიგეს ბუკლეტები.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 1948 წელს მიიღეს. მას შემდეგ თარიღი ყოველწლიურად აღინიშნება.
„ჩვენ გვინდა, მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ. თითოეულს შეუძლია, დაიცვას სხვისი უფლება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ. პირველ რიგში უნდა იცოდე უფლებები იმისთვის, რომ დაიცვა,“ - განაცხადა უჩა ნაუნაშვილმა.
საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, შომბი შარპიმ.
„ჩვენ დღეს ყველას ვთხოვთ, რომ დაიცვას ვინმეს უფლება, ვინც არის ძალადობის ან დისკრიმინაციის რისკის ქვეშ. საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. აქ არის მიღებული კარგი კანონები, მაგრამ მთავარი საკითხია ამ კანონების შესრულება,“ - განაცხადა შომბი შარპიმ.