უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის შესახებ სამაუწყებლო კომპანიის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი კიდევ ერთხელ აფასებს. იგი აცხადებს, რომ მოსამართლეთა კოლეგიამ დასაბუთებულ განაჩენში მნიშვნელოვანი მინიშნებები გააკეთა, რაც ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე განხორციელებულ ზეწოლაზე მიანიშნებს.
„მართალია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ვერ აიღეს პასუხისმგებლობა და ვერ დააკმაყოფილეს ჩვენი საჩივარი, თუმცა არ უნდა დავუკარგოთ მათ ის პრინციპულობა, რაც გამოიჩინეს ჩვენ საქმეზე, ვინაიდან მათ მიმართ ხელისუფლების მხრიდან მოთხოვნა იყო რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშზე მიკუთვნება, რაც არ გააკეთეს და გარდა ამისა ამ მოსამართლეებმა დასაბუთებულ განჩინებაში, რომლითაც საქმე გადასცეს დიდ პალატას საკმაოდ მნიშვნელოვანი მინიშნებები გააკეთეს კერძოდ, ხაზი გაესვა პროცესუალური დარღვევების არსებობის ფაქტს,“-განაცხადა საძაგლიშვილმა და აქვე განმარტა, რომ განჩინებაში არსებობს სხვა სამართლებრივი მითითებები, საიდანაც ჩანს, რომ მოსამართლეები ზეწოლის არარსებობის შემთხვევაში რუსთავი 2-ის სარჩელის დაკმაყოფილებას აპირებდნენ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მხრიდან ზეწოლის შესახებ გარკვეული მინიშნებების არსებობაზე მიუთითებს თავისუფალი დემოკრატების წევრი შალვა შავგულიძეც.
„მოსამართლეებმა და პალატის ამ შემადგენლობამ განაცხადი გააკეთეს, რომ ისინი ხედავენ იმ პრობლემებს, რაც დგას ამ საქმეში და თუ არ იქნება ზეწოლა სასამართლოზე, ფაქტიურად გამოხატული აქვთ პოზიცია სწორად გადაწყვეტის შემთხვევაში რა შედეგი უნდა დადგეს და სწორად გადაწყვეტის შემთხვევაში სააპელაციოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განხილვაში უნდა დაბრუნდეს. ფაქტიურად ეს არის პალატის განაცხადი ყველას მიმართ, საზოგადოების და ალბათ უპირველესად ხელისუფლების მიმართ, რომ "თუ მოგვცემთ საშუალებას მოსამრთლეებს, ჩვენ ამ საქმეს სწორად და ობიექტურად განვიხილავთ,“-აცხადებს შავგულიძე.