24 დეკემბერი 2024,   07:32
ვრცლად
ვმოქმედებდით და ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში - შს მინისტრის მოადგილე გაჩეჩილაძის საქმეზე

რატი გაჩეჩილაძე სასამართლოს განაჩენს სახლში დაელოდება. გუშინ საქალაქო სასამართლომ იგი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა.

არ არის გამორიცხული, ბრალდებამ მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს. ამ ეტაპზე პროკურატურა ვერც ბრალის დამძიმების აუცილებლობას ხედავს.

საქმეში ამ დრომდე არ ფიგურირებს მეორე თავდამსხმელი. რაც შეეხება მოტივს, აქაც პროკურატურამ დანაშაულის შემსუბუქების მიმართულება აიღო და ორი დღის წინ მომხდარი თავდასხმა ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გაიყვანა.

„ჩვენ ღონისძიებები გავატარეთ და დანარჩენი ნახეთ უკვე, როგორ გაგრძელდა პროცესი. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მსუბუქია, მძიმეა თუ რამდენად ადექვატურია ბრალი, ეს არის კანონის მუხლი, ასე ვთქვათ და ვისაც არ მოსწონს, შეუძლია, საკანონმდებლო წინადადებით მიმართოს პარლამენტს. ჩვენ ამ შემთხვევაში ვმოქმედებდით და ვმოქმედებთ იმ კანონის ფარგლებში, რაც დღეს არის სისხლის სამართლის კოდექსში ცემასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა.

ამ თემაზე დღეს განცხადება პროკურატურამაც გაავრცელა. პროკურატურამ რატი გაჩეჩილაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა 5000 ლარის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით.

"სამართლიანს" უწოდებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას უმრავლესობის წევრებიც. ამასთანავე, დეპუტატები ყველა სახის ძალადობას გმობენ.

ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ „საქმე ორმაგ სტანდარტებთან გავქვს“. ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინათინ ბოკუჩავა, სასამართლოს "ხელისუფლების პოლიტიკური ბრძოლის იარაღს" უწოდებს.

რატი გაჩეჩილაძის წინასასამართლო სხდომა 20 თებერვალს გაიმართება.

 

 

ავტორი: ანა წერეთელი

ამავე თემაზე
დღის ამბები