24 დეკემბერი 2024,   07:44
ვრცლად
მაია რჩეულიშვილის საქმე -  ადვოკატები ბრალდებულზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ

მაია რჩეულიშვილის ადვოკატებს სასამართლო პროცესის გადადებაზე უარი ეთქვათ. მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, მაია რჩეულიშვილმა დღეს სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ის ქალთა კოლონიაში დააბრუნეს.

ადვოკატები პროკურორების მხრიდან ბრალდებულზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.

სწორედ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ითხოვდა დაცვის მხარე დღევანდელ სხდომაზე პროცესების ერთი თვით გადადებას. ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულისა და ადვოკატების პოზიცია არ გაიზიარა.

დაცვის მხარემ სხდომების გადადება იმ მოტივით ახსნა, რომ რჩეულიშვილს სურდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, სასამართლო განხილვაში მონაწილეობა და საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის - კომპანიის მთავარი ბუღალტერის, დაკითხვაზე დასწრება. შუამდგომლობის დაყენების შემდეგ სახელმწიფო ბრალდებამ ადვოკატები საქმის გაჭიანურებაში დაადანაშაულა, რასაც მხარეებს შორის მცირე კამათი მოჰყვა.

ვიდრე მოსამართლე ადვოკატების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, სახელმწიფო ბრალდებამ სხდომაზე ახალი გარემოების შესახებ ისაუბრა. პროკურორებმა პროცესზე განაცხადეს, რომ რჩეულიშვილი თოდუას კლინიკაში სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარს ამბობდა, რის გამოც საავადმყფოდან მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა იგეგმებოდა. სწორედ ამ გარემოების გამო, მოსამართლე მაია შოშიაშვილმა დაცვის მხარეს ვითარებაში გარკვევა სთხოვა და პროცესი ორი დღით გადადო.

სასამართლო სხდომას დღეს დაზარალებულებიც ესწრებოდნენ.

 

 

ავტორი: შოთა კიკნაძე 

დღის ამბები