24 დეკემბერი 2024,   07:44
ვრცლად
"მოსამართლის მიმართ უნდა დადგინდეს დასაშვები კრიტიკის ფარგლები," - ევა გოცირიძე

გახმაურებულ პროცესების გარშემო არსებულ კითხვებსა და მესამე სექტორის კრიტიკას პასუხობენ მოსამართლეები და მართლმსაჯულების სისტემის ხელმძღვანელი პირები.

პოლიტიკური გავლენისა და გაუმჭვირვალობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს სასამართლოს სისტემაში უსაფუძვლოს უწოდებენ.

მთავარ გამოწვევად კი საქმეების დიდ რაოდენობას და მოსამართლეების ნაკლებობას ასახელებენ. მოსამართლეთა კონფერენციაზე დღეს 2016 წელი შეაჯამეს.

„მე ვიტყოდი, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია, მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობა არ ნიშნავს დამოუკიდებლობას მხოლოდ ხელისუფლებისგან. იგი გულისხმობს დამოუკიდებლობას მხარეებისგან, მედიისგან, საზოგადოების გავლენისგან და ა.შ. ამ თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები ჯერ კიდევ გვაქვს. ვფიქრობ, საქართველოში უნდა ამაღლდეს სასამართლოს დამოუკიდებლობის აღიარების ხარისხი. მედიამ, პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ სასამართლოსადმი დამოკიდებულება. მოსამართლის მიმართ უნდა დადგინდეს დასაშვები კრიტიკის ფარგლები,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა მიიჩნევს, რომ ასეთი დამოუკიდებელი სასამართლო, როგორიც დღეს არ არის, არასდროს არ ყოფილა.

„შეიძლება ბრალდებები ისმის, მაგრამ ისინი დაინტერესებული პირები შეიძლება იყვნენ,“ - განაცხადა მზია თოდუამ.

მან რუსთავი 2-ს საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახაბერ სოფრომაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსამართლეების რაოდენობა გასაზრდელია.

„ვფიქრობ, რომ დღეს სასამართლო სისტემის ძირითადი გამოწვევა მოსამართლეების რაოდენობაა. ასეთი ცოტა მოსამართლე რაც საქართველოშია, არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის,“ - განაცხადა კახაბერ სოფრომაძემ.

ნინო გვენეტაძემ ერთ-ერთ მიღწევად პარლამენტის მიერ რამდენიმე კვირის წინ დამტკიცებული რეფორმის მესამე ტალღა დაასახელა.

დღის ამბები