24 დეკემბერი 2024,   07:35
ვრცლად
დრანდის ტყვე - აფხაზეთში უკანონოდ დატყვევებული გიორგი ლუკავა შველას ითხოვს

აფხაზეთიდან დევნილი გიორგი ლუკავა 2011 წლის მაისში თბილისიდან გალში 3 შვილის საფლავის მოსანახულებლად ჩავიდა. ამის შემდეგ ის ოკუპირებულ ტერიტრიაზე უკანონოდ დაატყვევეს. ბოლო რამდენიმე დღეა გიორგი ლუკავასთან კავშირი შეწყდა, ოჯახის წევრებისთვის უცნობია მისი მდებარეობა. მეუღლემ, ლალი ბასარიამ ისიც კი არ იცის, ცოცხალია მისი დატყვევებული მეუღლე, თუ არა.

52 წლის გიორგი ლუკავა მეექვსე წელია სოხუმთან ახლოს, დრანდის ციხის პატიმარია. ციხის, რომელიც პატიმრების მიმართ მკაცრი მოპყრობითაა ცნობილი. აფხაზეთის ომის ყოფილი მებრძოლი 20 წლიან სასჯელს იხდის. მას ტყის ძმებთან კავშირი და ამ დაჯგუფების ხელმძღვანელობა ედება ბრალად. სანამ ქმარი დრანდის ციხეშია, ლალი ბასარიამ დახმარების თხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა. პასუხად მიიღო, რომ მისი ეს საკითხი უშიშროების საბჭოს გადაეცა. დახმარების სათხოვნელად ის იუსტიციის სამინისტროსა და კანცელარიაშიც იყო მისული, თუმცა პასუხი უწყებებიდან არ მიუღია.

11 სულიან ოჯახს 48 კვადრატული ბინა მთავრობამ ცოტა ხნის წინ გადასცა. სამაგიეროდ, სოციალური დახმარება შემცირდა. ოჯახის უფროსის არყოფნას უმუშევრობა ემატება და ბავშვების გამოკვება და განათლებით უზრუნველყოფა უფრო და უფრო რთულდება.

2016 წლის მარტში ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ტყვეთა გაცვლა მოხდა, რომელსაც იმდროინდელი სახელმწიფო მინისტრი თანასწორობის საკითებში პაატა ზაქარეიშვილი პირადად ესწრებოდა. 8 ქართველი უკანონო პატიმარი გორის ტერაქტში ბრალდებულებზე გაიცვალა. ქართველ პატიმრებს შორის გიორგი ლუკავა არ აღმოჩნდა.

2015 წლის ბუნტის დროს ცნობილი გახდა რა მძიმე პირობებში უწევთ პატიმრებს ცხოვრება. ლალი ბასარიამ 2016 წლის ზაფხულში მეუღლის მდგომარეობის ნახვა თავად მოახერხა. მისი თქმით, გიორგი ლუკავას წამების ნიშნები აქვს.

ლალი ბასარია აპირებს დახმარებისთვის საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს და სახელმწიფოს მიერ განწირული მეუღლე და მისი შვილების მამა ასეთი გზით დაიბრუნოს.

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი.

დღის ამბები