24 დეკემბერი 2024,   07:41
ვრცლად
გიორგი ლუკავას ოჯახი ახალ ინფორმაციას ავრცელებს - დრანდის ციხის პატიმარი შესაძლოა, ოკუპირებული რეგიონის შსს-ში გადაიყვანეს

გიორგი ლუკავას ოჯახი ახალ ინფორმაციას ავრცელებს. დრანდის ციხის პატიმარი შესაძლოა, ოკუპირებული რეგიონის შსს-ში გადაიყვანეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი ქართველი გიორგი ლუკავა, რომლის ბედიც რამდენიმე დღე უცნობი იყო, 3 საათის წინ მეუღლეს თბილისში ტელეფონით დაუკავშირდა.

რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ ლუკავას მეუღლე აცხადებდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დაკავებული აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა დრანდის ციხიდან გაიყვანეს და შესაძლოა, ის ლიკვიდირებულიც იყო.

ლალი ბასარიას თქმით, მეუღლემ მას ადგილსამყოფელად არა ციხე, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუსახელა.

გიორგი ლუკავას მეუღლე დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლის საქმე ოკუპანტი სახელმწიფოსგან ქართველ სამხედროების წინააღმდეგ გამოცხადებული დევნის ნაწილია.

ლალი ბასარია უკვე წლებია მეუღლის გასათავისუფლებლად დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას უშედეგოდ თხოვს. ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, რომლის ინფორმაციითაც, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს არ ადასტურებს.

რატომ ვერ მოხერხდა 6 წლის განმავლობაში დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავასთვის სათანადო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, აქამდე უცნობია. გიორგი ლუკავას მეუღლე ამბობს, რომ p.s-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ მას არავინ დაკავშირებია. ამ საკითხზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში კომენტარი დღეს აღარ გაკეთებულა, წერილობით ინფორმაციაში ხაზგასმული უწყებისთვის მხოლოდ ლუკავას საქმის აქტუალურობაა და მიმდინარე სამუშაოა. 

ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებასთან ერთად გიორგი ლუკავას ოჯახი დახმარებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგანაც ითხოვს.

აფხაზეთის ომის ყოფილი მებრძოლს სოხუმთან ახლოს მკაცრი პირობებით ცნობილ დრანდის ციხეში კიდევ 14 წლის გატარება ემუქრება. მას დაჯგუფება ტყის ძმებთან კავშირი და ამ დაჯგუფების ხელმძღვანელობა ედება ბრალად.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი სოხუმში დატყვევებული ლუკავას საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური მუშაობის აუცილებლობაზე საუბრობს.

 

 

ავტორები: ანა წერეთელი, მარიამ შანშიაშვილი. 

დღის ამბები