24 დეკემბერი 2024,   07:31
ვრცლად
"დღეს ვარ ისეთივე და უფრო მეტი ქართველიც, ვიდრე ოდესმე" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ულოცავს. 

„ეს არის თავისუფლებისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი. მე ვიყავი ჩემი მეგობრის, ზურაბ ჟვანიას გვერდით, როდესაც მან თქვა ისტორიული ფრაზა  - მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი. როდესაც ვარდების რევოლუციის შემდეგ, პარლამენტის წინ ჩვენ ავაჟღერეთ ევროპის ჰიმნი და პირველად ავწიეთ ევროპის დროშა, მაშინ საქართველოშიც და საქართველოს გარეთ ბევრი დამცინოდა, მაგრამ ეს იყოს ჩემი ფუნდამენტური რწმენა, რომ საქართველო დაიწყებდა სწრაფად სვლას ევროინტეგრაციის გზით და ფორმალურად ასეც მოხდა 2006 წლის შემდეგ. 2008 წლის შემოტევის შემდეგ, ჩვენ ერთად შევქმენით აღმოსავლური პარტნიორობა, სადაც ჩვენ გარდა, შევიყვანეთ კიდევ რამდენიმე ქვეყანა და ამ პარტნიორობის ფარგლებში, ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას და ახლა უკვე უვიზო მიმოსვლას,“ - აცხადებს მიხეილს სააკაშვილი.

მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ახალგაზდებს საზღვარგარეთ სწავლაში და საქართველოში მეტი ტურისტის ჩამოსვლას. ის აცხადებს, რომ დღეს ევროპასთან დაახლოების დამსახურება არვინ უნდა მიითვისოს.

„ეს არის ქართველი ხალხის ნება და ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება. რა თქმა უნდა, მე ვიყავი დარწმუნებული, პირველი დღიდან, რომ ეს ასე იქნებოდა, როგორც დღეს ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო გამთლიანდება, საქართველო დაიბრუნებს თავის ტერიტორიებზე კონტროლს და რა თქმა უნდა, საქართველო გათავისუფლდება ამ გაუგებრობისგან, ამ ტლუ რუსი ოლიგარქის არაფორმალური მმართველობისგან. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში, სამთავრობო კაბინეტებში და სოლოლაკის მთაზე დაბუდებულმა ქონდრისკაცებმა მე ჩამომართვეს საქართველოს პასპორტი, მე დღეს ვარ ისე ამაყი, როგორც არასდროს, მე დღეს ვარ ისეთივე და უფრო მეტი ქართველიც, ვიდრე ოდესმე, იმიტომ რომ ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ - ჩვენ ვართ ქართველები და კიდევ უფრო მეტად ევროპელები,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები