01 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტიდან გათავისუფლებული თანამშრომლების პროტესტს ეხმაურება

შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 50 თანამშრომლის პროტესტს მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უწყება ეხმაურება. შსს მცდარს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თანამშრომლები ყოველგვარი გაფრთხილების და განმარტების გარეშე იქნენ გათავისუფლებული. შსს ამბობს, რომ ახალი კადრები კანონის სრული დაცვით არიან აყვანილები. 

"მიმდინარე წლის 1 მარტს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 50 თანამშრომელი, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და განმარტების გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლეს. გვსურს, განვმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, ამავე დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს მე-2 განყოფილების 1-ლი ქვეგანყოფილების 51 თანამშრომელი, კადრების განკარგულებაში აყვანილი იქნა კანონის სრული დაცვით.

"კერძოდ, აღნიშნული განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რაც სამინისტროში მიმდინარე შტატების შემცირების ან რეორგანიზაციის დროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის კადრების განკარგულებაში აყვანას გულისხმობს.

"ამასთან, აღვნიშნავთ, რომ კადრების განკარგულებაში აყვანის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გაფრთხილებულნი არიან სამსახურის შესაძლო დატოვების შესახებ.

"რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს მე-2 განყოფილების 1-ლი ქვეგანყოფილების თანამშრომლებს, ისინი 4 თვის განმავლობაში კადრების განკარგულებაში იქნებიან, ხოლო 2 თვის განმავლობაში მათ შეუნარჩუნდებათ თანამდებობრივი სარგო," - ამბობს შსს. 

შეგახსენებთ, გათავისუფლებული თანამშრომლების ნაცვლად, სანაპირო დაცვის ფოთის ბაზის ტერიტორიას წვევამდელები დაიცავენ. ისინი აცხადებენ, რომ მათთვის სამსახურიდან გაშვების მიზეზი არავის განუმარტავს.

 

დღის ამბები