01 ოქტომბერი 2024,   03:45
ვრცლად
"სასამართლოს ხელით გაფორმდა ის, რაც არ შეიძლება იყოს სამართლიანი"-ანა ნაცვლიშვილი "რუსთავი 2"-ზე საუბრობს

ხელისუფლების ზეწოლის შედეგი და უსამართლო გადაწყვეტილება-ასე აფასებს არასამთავრობო სექტორი, რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომგადაწყვეტილება  ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს და არის დარტყმა მედიაპლურალიზმსა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.

„მე, როგორც იურისტი დაველოდები გადაწყვეტილების შინაარსს და დასაბუთებას, მაგრამ როგორც მოქალაქეს არ მაქვს განცდა, რომ ეს არის სამართლებრივი გზით გამოტანილი გადაწვეტილება და ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ამდენი კითხვის ნიშნის და საეჭვო გარემოების ფონზე, სწორედ სასამართლოს ხელით გაფორმდა ის, რაც არ შეიძლება იყოს სამართლიანი, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს თან ახლდა ძალიან ბევრი არასწორი საეჭვო გარემოება,“-განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.

კრიტიკულია შეფასებისას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორიც. გიორგი კლიდიაშვილის განცხადებით, რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სერიოზულ დაღს დაასვამს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სერიოზულ დაღს დაასვამს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას. ეს არის რაც შემიძლია ვთქვა, რა იქნება როგორ იქნება აღარ ვიცი, იმიტომ, რომ ძალიან გულგატეხილი ვარ. ჩვენ ძალიან კარგი ტენდენცია გვქონდა იმისი, რომ გაცილებით სხვანაირად დასრულებულიყო ეს ყველაფერი და თანაც ჩვენი დემოკრატიული განვითარება ყოფილიყო სწორხაზოვანი.  ამის შესახებ ძალიან ბევრი კითხვები გაჩნდა უკვე და დარწმუნებული ვარ ეს კითხვები ექნება არა მარტო ქართულ საზოგადოებას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობასაც,“-განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისა  და რუსთავი 2-ის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს იურისტი დავით ჯანდიერი.

„პროცესები აჩვენებდა ერთ რამეს, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა ხელისუფლება. ძალიან სამწუხაროა, რომ უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შავ ლაქად დარჩება ამ სასამართლოს ისტორიაში. ბუნებრივია პროცესების განვითარების პროგნოზირება, ერთ რამ უნდა ითქვას, უსამართლობისთვის ბრძოლას აქვს ერთი თვისება, ადამიანებს შეუძლიათ ხოლმე კრიტიკულ სიტუაციაში გაერთიანება. ყველანი უნდა გავერთიანდეთ იმისათვის რომ რუსთავი 2 იყოს კვლავ ეთერში, “-აცხადებს დავით ჯანდიერი.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის 60% მფლობელობაში ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% პანორამას გადასცა. 

დღის ამბები