01 ოქტომბერი 2024,   03:44
ვრცლად
მეუფე დიმიტრი ადასტურებს, რომ დეკანოზი სინოდის სხდომისთვის საპატრიარქოს ქონების შესახებ მოხსენებას ამზადებდა

მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ოჯახთან შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან პრეს კონფერენციის დროს ისაუბრა. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის განცხადებით, ის დაინტერესდა ემუქრებოდა თუ არა ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის ოჯახს საფრთხე, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო.

მიტროპოლიტმა ასევე განმარტა თუ რატომ არ ხვდებიან სინოდის წევრები ე.წ. მატროსოვის ციხეში დაპატიმრებულ მღვდელმსახურს.

"პატრიარქმა ჯერ კიდევ გერმანიაში გვითხრა, რომ მას ქონდა სურვილი მამა გიორგის შეხვედროდა, თუმცა მოსულები იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, პროკურატურის და თხოვეს, რომ ამჯერად იქნებ თავი შეგვეკავებინა. თუ მისი უწმინდესობა შეცვლის თავის კურთხევას და გადაწყვეტილებას, მე მზად ვარ შევხვდე,“ - აცხადებს მეუფე დიმიტრი.

ის ასევე ადასტურებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე სინოდის სხდომისთვის საპატრიარქოს ქონების შესახებ მოხსენებას ამზადებდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაინტერესდა საქმეში პატრიარქის დაცვის უფროსის ფიგურირების შესახებ. 

„რა თქმა უნდა, ჩემი პირველი კითხვა იყო, სადმე თუ ფიგურირებდა იოსები, სოსო, რაზეც მითხრეს, რომ ამ მძიმე ბრალდების მონაკვეთში ის თითქმის არსად ფიგურირებს,“ - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

დღის ამბები