01 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
შორენა თეთრუაშვილი პროკურატურამ დაკითხა და დაზარალებულად ცნო

ე.წ. ციანიდის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პროკურატურამ უკვე დაკითხა საპატრიარქოს თანამშრომლები. როგორც გაირკვა, ასევე უკვე დაიკითხა პატრიარქის მდივან რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი. ამ ინფორმაციას ადასტურებს საპატრიარქოს იურისტი. 

ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი საგამოძიებო ორგანომ დაზარალებულად ცნო. მისი დაკითხვა სავარაუდოდ, ხუთშაბათს ან პარასკევს მოხდა. იურისტი ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.

„ყველა შეკითხვას მან უშუალოდ გასცა ამომწურავი პასუხი. მას სამართლებრივად მიენიჭა დაზარალებულის ტატუსი დადგენილებით. ვინაიდან მას მიენიჭა სტატუსი, დადგენილება გამოტანილ იქნა დაზარალებულად ცნობის შესახებ, რა თქმა უნდა, ეს აისახებოდა მამა გიორგი მამალაძის მიერ წარდგენილ ბრალდებაზე,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ასევე ხდება ცნობილი საპატრიარქოს კიდევ 5-მდე თანამშრომლის, თუმცა არა სასულიერო პირის დაკითხვის შესახებ, რომლებიც დასვენების დღებში დაიკითხნენ.

რა კითხვები დაუსვა პროკურატურამ საპატრიარქოს თანამშრომლებს, იურისტი არ საუბრობს, რადგან ის დაკითხვის პროცესს არ დასწრებია. თუმცა, კატეგორიულად გამორიცხავს, რომ გარდა ე.წ. ციანდის საქმისა, ისინი საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებაზე დაეკითხათ.

შესაძლებელია თუ არა, რომ ინფორმირებული  ყოფილიყო შორენა თეთრუაშვილი მამა გიორგის მიერ ციანდის შეძენის თაობაზე, ედიშერ ქარჩავა არც უარყოფს და არც ადასტურებს.  

ამ წუთებში საპატრიარქოში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან, მათ მამა გიორგი მამალაძის შესახებ პირადი ინფორმაცია ამოიღეს. 

დღის ამბები