01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
ოპოზიცია თვითმმართველი ქალაქების ინსტიტუტების გაუქმებას ეწინააღმდეგება

თვითმმართველი ქალაქების ინსტიტუტების გაუქმების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიცია უარყოფითად აფასებს.

ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ როდესაც არჩევითი თანამდებობების არჩევითობა შემცირდება, შედეგად ხელისუფლება ხალხის წინაშე ნაკლებად ანგარიშვალდებული იქნება. თიკა ბოკუჩავას განცხადებით, მსგავსი ინიციატივა „დეცენტრალიზაციის ინტერესს ეწინააღმდეგება“.

„ეს არის მათი მცდელობა წინასაარჩევნოდ ისეთი სიტუაცია შექმნან, რომელიც მათი გადმოსახედიდან მათ აწყობთ. მოგეხსენებათ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების რეიტინგი დღითიდღე იკლებს და შესაბამისად, მათ კარგად ესმით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისას მათ გაუჭირდებათ და ამიტომ ცდილობენ შეამცირონ იმ ადგილების რაოდენობა, სადაც მოუწევთ რესურსების მიმართვა,“ - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე, ინიციატივას მცდარ იდეად მიიჩნევს. მისი აზრით, მმართველობა ქვეყანაში რაც შეიძლება უფრო დეცენტრალიზებული უნდა იყოს.

„სხვათაშორის, ქართულმა ოცნებამ თავის დროზე ეს დანაპირები მისცა ხალხს, თუმცა არ გამიკვირდება, რომ სხვა დანაპირებთან ერთად ესეც არ შეასრულოს,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები