01 ოქტომბერი 2024,   03:46
ვრცლად
ციანიდის საქმე-პროკურორის თქმით, ფრაზა "დასაბრედია შორენა" არის ერთ-ერთი მტკიცებულება

ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებები გამოაქვეყნა. ამის შესახებ მთავარ საგამოძიებო ორგანოში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს

მოცემული ეტაპისთვის ჩატარებულია ოცდაათზე მეტი მოწმის დაკითხვა, სულ ჩატარებულია ოთხმოცდაათამდე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, მათ შორის დათვალიერდა და ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ინფორმაციის სხვა მატარებლები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა ნაწილზე უკვე მივიღეთ დასკვნები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვისაუბროთ გამოძიების შუალედურ შედეგებზე და გავასაჯაროვოთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა შხამიანი ნივთიერების - კალიუმის ციანიდის მოძიებაში დახმარება. ამასთან ირაკლი მამალაძემ პროკურატურაში წარმოადგინა მის მიერვე ფარულად ჩაწერილი გიორგი მამალაძესთან შეხვედრის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა და ამ უკანასკნელის მიერ გადაცემული ფურცელი, რომელზეც იყო ბრალდებულის ხელნაწერი სიტყვები - „კალიუმ ციანიდი.“ ირაკლი მამალაძის განცხადებით, როგორც მან შეხვედრისას გაარკვია, გიორგი მამალაძე გეგმავდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ასევე ჰპირდებოდა მომავალში არამართლზომიერ სარგებელს. ბრალდებული გეგმავდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა თანმხლებ პირებთან, მათ შორის შორენა თეთრუაშვილთან ერთად, რის გამოც  იგი ცდილობდა, სასწრაფო წესით შხამიანი ნივთიერება გერმანიაში გამგზავრებამდე შეეძინა,“-განაცხადა  ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე,  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და  შენახვის ფაქტზე.

პროკურატურა ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვასაც გამოეხმაურა. 

"ის ინფორმაცია, რაც გიორგი მამალაძემ მიაწოდა გამოძიებას, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმ მტკიცებულებებთან, რომლითაც დასტურდება მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტი და მათ შორის იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც დღეს გასაჯაროვდა. შესაბამისად, გიორგი მამალაძის ვერსია, რომ თითქოსდა ის შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ცდილობდა კალიუმის ციანიდის შეძენას, რომელიც თითქოსდა საჭირო იყო საპატრიარქოში მომუშავე ოქრომჭედლისთვის, არის აბსურდული და ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ვერსიის განვითარებით იგი ცდილობს ბრალად შერაცხული დანაშაული გადააბრალოს იმ მხარეს, ვისთანაც მისივე ჩვენებით, არის დაპირისპირებული და ვის წინააღმდეგაც მიმართული იყო მისი ქმედება. ამავდროულად, ამით ბრალდებული  მამალაძე ცდილობს ბრალდების მოწმეების დისკრედიტაციას. ნათელია, რომ ბრალდებული მიზნად ისახავს წარმოჩნდეს მსხვერპლად და თავი აარიდოს მოსალოდნელ მძიმე სასჯელს. პროკურატურის მიერ ამ ეტაპზე უკვე უზრუნველყოფილია ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება და იმედს ვიტოვებთ, რომ გიორგი მამალაძე შეასრულებს პირობას და გასცემს პასუხებს გამოძიებას მის მიმართ არსებულ კითხვებზე,"- აღნიშულია პროკურატურის მიერ გავრლცებულ განცხადებაში. 

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გასაჯაროებულია მხოლოდ ვიდეოჩანაწერებისა და ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი. პროკურატურაში განცხადება გაკეთდა დეკანოზის დაკითხვაზეც. გამომძიებელმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა ვერცერთ შეკითხვას  დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ერთ თვეზე მეტია სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაშია მოთავსებული. მამა გიორგი მამალაძეს მკვლელობის მომზადებაში ედება ბრალი, თუმცა ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 და 108-ე მუხლებით არის დაკავებული რაც მკვლელობის მომზადებას ითვალისწინებს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები