19 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
"მთავრობა სერიოზულ შოკშია" - თორნიკე შარაშენიძე არჩილ თალაკვაძის განცხადებას აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის მიერ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ხელისუფლება „სერიოზულ შოკშია.“

შარაშენიძე ყურადღებას მმართველი გუნდის წევრების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებზეც ამახვილებს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები რუსთავი 2-ის სარჩელს საქართველოს წინააღმდეგ დავას უწოდებენ და ამბობს, რომ მსგავსი ტიპის აქცენტირება სამარცხვინოა.

„გაუგებრობაში და შარში ვართ მე მგონი, პრემიერი ამბობს, რომ ორ კერძო სუბიექტს შორის დავაა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ეს არის ნაცმოძრაობა საქართველოს წინააღმდეგ და იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ეს არის რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ. სერიოზულად თუ ვიტყვით, როგორც ჩანს მთავრობა არის სერიოზულ შოკში იმის მერე, რაც მოხდა სტრასბურგში.

"როდესაც ბოლო დღეებში წავიდა ეს ისტერიული მესიჯი - რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის სამარცხვინო. იმიტომ, რომ იყო გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ეს ისტერიული მესიჯი კიდევ უფრო გაუფუჭებს მათ საქმეს სტრასბურგში და კიდევ უფრო შეამცირებს მათ შანსებს პროცესის მოგების, რომელიც ისედაც ძალიან მცირეა,“-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

საქმის დეტალებში გარკვევას და პრემიერ-მინისტრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ურჩევს მმართველ გუნდს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი.

„პრემიერს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო დავები  არ მიმდინარეობს სტრასბურგის სასამართლოში. ის რომ სტრასბურგმა გააგრძელა დროებითი ღონისძიებები ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს ნდობა ჩვენი სასამართლო სისტემის მიმართ,“-აცხადებს ეკა გიგაური.

შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ბუნდოვან განცხადებას აკეთებს.

თალაკვაძე ამბობს, რომ საკითხის გარშემო ბოლო პერიოდში უცნაური სიხარული და ნიშნის მოგებაა, რაც მისი თქმით, მომავალ თვეში დასრულდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები