01 ოქტომბერი 2024,   03:46
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა ორშაბათს დაკითხავს

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ მამა გიორგი მამალაძეს პროკურატურა ორშაბათს დაკითხავს. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები საპატიმროში დილის 10 საათისთვის აპირებენ მისვლას.

ადვოკატების ინფორმაციით, მათ ამის შესახებ პროკურატურიდან ცოტა ხნის წინ შეატყობინეს. ამ წუთებში კი უფლებადამცველები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან და ბრალდებულს ხვდებიან. 

„მოსახერხებელი დრო შეირჩა ორშაბათი, დილის 10 საათზე დაიწყება დაკითხვა, ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად მთელი დღე სამუშაო საათები გვექნება იმისათვის, რომ იმ 8 საათის განმავლობაში მამა გიორგი მამალაძემ უპასუხოს ამომწურავად კითხვებს და გაეცეს იმ კითხვებს პასუხი, რომელზეც პროკურატურას მიაჩნია, რომ არის დამატებითი კითხვები,“-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დღესვე ადვოკატს ჟურნალისტებმა კითხვები საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერების იმ ნაწილთან დაკავშირებითაც დაუსვევს, სადაც საუბარი ციანიდს ეხება. კერძოდ, ჩანაწერის იმ ნაწილზე, სადაც პროკურატურის მთავარი მოწმე აცხადებს, რომ ციანიდის განეიტრალება "ტკბილს" შეუძლია, მამა გიორგი მამალაძე კი პასუხობს, რომ ის ადამიანი საერთოდ არ ჭამს ტკბილეულს. 

ჟურნალისტები დაინტერესდნენ უპასუხა თუ არა ბრალდებულმა გამოძიების კითხვას - ვის გულისხმობს ადამიანში, რომელზეც აცხადებს, რომ არ ჭამს ტკბილეულს. ადვოკატები კითხვას პირდაპირ არ პასუხობენ, თუმცა აცხადებენ, რომ მამა გიორგი მამალაძემ გამოძიების ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი. 

დაახლოებით ორი კვირაა, რაც მამა გიორგი მამალაძე გამომძიებლებს აღარ დაუკითხავთ.

დაკითხვის განახლება მას შემდეგ გადაწყდა, რაც დეკანოზის მოთხოვნაზე, მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, პროკურატურამ თანხმობა განაცხადა. 

დღის ამბები