01 ოქტომბერი 2024,   03:39
ვრცლად
საქართველოს სახალხო დამცველი აღშფოთებას გამოთქვამს ბათუმში მიმდინარე მოვლენების გამო

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ ბათუმში გამართული აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და შესაძლოა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

„საქართველოს სახალხო დამცველი აღშფოთებას გამოთქვამს ქალაქ ბათუმში გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების გამო. ხელისუფლების ვალდებულებაა სრულყოფილი გამოძიების შედეგად ამომწურავი პასუხი გაეცესყველა კითხვას, რაც ამ მოვლენებმა საზოგადოებაში გააჩინა,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ფართომასშტაბიანი ძალადობის პრევენცია მაინც ვერ მოხდა. უჩა ნანუაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს ჩაატარონ სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება დამნაშავეთა გამოვლენის და სასამართლოს წინაშე წარდგენის მიზნით.

„გამოძიებული უნდა იყოს პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები, თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი. გამოძიების ფარგლებში უნდა დაგინდეს, აღნიშნული ძალადობრივი ქმედებები და დაპირისპირება მართლაც სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციის შედეგი იყო, თუ მართული პროცესი,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

მისი აზრით, დაუშვებელია, მსგავსი დაპირისპირებები პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყოს გამოყენებული.

უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ გუშინ მთელი ღამის განმავლობაში, მოქალაქეებს დაუცველობის შეგრძნება ჰქონდათ და შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება დაგვიანებული იყო.

დღის ამბები