01 ოქტომბერი 2024,   03:41
ვრცლად
ვშიშობ, რომ საეკლესიო საქმენი სრულ არეულობაში არ მოვიდეს - მეუფე პეტრეს წერილი სინოდს

მეუფე პეტრე პატრიარქს, წმინდა სინოდის თავმჯდომარეს, მღვდელმთავრებს, სინოდის წვრებს, სინოდის მდივანს და მიტროპოლიტ შიოს მიმართვას უგზავნის. წერილი იღუმენმა თამარ გამყრელიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მიმართვაში მეუფე პეტრე სინოდის სხდომას სამართლით მიკერძოებულს უწოდებს. 

"მესმის მძიმე იყო ჯვარი ამა წლის 9 მარტს გამართული წმინდა სინოდის სხდომისა, სინოდის სხდომაზე, რომელიც სამწუხაროდ, აღმოჩნდა მიკერძოებული სამართლით, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის მრავალრიცხვოვანი მრევლისა და მორწმუნე საზოგადოებისთვის, ასევე ჩემი სიმდაბლისთვისაც. წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო რომ სინოდის სხდომა ისე ჩაივლიდა, რომ აქცენტი მხოლოდ ჩემი უღირსებისათვის ესოდენ მკაცრი და უსამართლო განჩინების გამოცხადებით დასრულდებოდა, რაც მდივნის მიერ წაკითხული და ვეჭვობ არა მის მიერ დაწერილი, იქნა ყოველივე ეს. ნუთუ დღემდე ეკლესიის დისკრედიტაციის მძიმე ფაქტები არ გვაქვს, ან ჩემგან არ გსმენიათ სინოდის სხდომაზე? ან ჩემ წინააღმდეგ დაწყებული და დაუსაბუთებელი ცილისწამებები ბრალდების სახით თქვენთვის ეკლესიის დისკრედიტაციას არ ნიშნავს? წარმოუდგენელია სინოდის სხდომა, რომელიც ესოდენ სკანდალური ციანიდის საქმის შემდეგ იქნა ჩანიშნული და ამ განსაცდელზე და არც ამ განსაცდელის გამომწვევ მიზეზებზე არ გამოიკვეთა განსაკუთრებული ინტერესი, ხოლო მამაოს მიერ საპყრობილიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვა და მოსმენაც არ ჩათვალეთ აუცილებლად, რადგან წინასწარ თითქოს დაკვეთით დაწერილი წინადადებებით შემოვიფარგლეთ და სრული ნდობა გამოვუცხადეთ გამოძიებას, რომელშიც როგორც მე სინოდის წევრი არ გეთანხმებით,"- ნათქვამია მიმართვაში.

მეუფე პეტრე აღნიშნავს, რომ მისი გამოსვლა რომ ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა, სრული ცილისწამებაა.

"რატომ გვიჭირს ვაღიაროთ ის სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენს ეკლესიაში წმინდა მამათა კანონები დატევებულია და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილი? ვშიშობ, რომ საეკლესიო საქმენი სრულ არეულობაში არ მოვიდეს, როდესაც ეს გულგრილობა და მიკერძოებულობა ნელ-ნელა თვის გზით წავა და ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.

"ეკლესიის დისკრედიტაციას რომ ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა ეს სრული ცილისწამებაა, რასაც სიმდაბლით ვღებულობ და ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას, გთხოვთ მომიტევოთ, ჩემი კადნიერებისთვის და ვითხოვ თქვენს მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევას და ვიმედოვნებ თქვენს მართლმკვეთელობას!"- ნათქვმია მიმართვაში. 

დღის ამბები