01 ოქტომბერი 2024,   03:44
ვრცლად
მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების აკრძალვას ომბუდსმენი და არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება

მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან.

„განიხილება მიწების უცხოელებთან მიმართებაში და ეს ალბათ დიდი დისკუსიის საგანი იქნება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მე ამ ფორმით ამ ცვლილებას ვეწინააღმდეგები,“ - აცხადებს საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი, ვახუშტი მენაბდე.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გარკვეული რეგულაციები ამ კუთხით საჭიროა, თუმცა ცალსახა აკრძალვა არ უნდა იყოს.

„ბლაკეტური აკრძალვა, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს, გარკვეულ საკითხებზე შესაძლებელია იყოს გარკვეული შეზღუდვები, თუნდაც სასაზღვრო ზოლში, თუნდაც გარკვეული საკითხების გათვალისწინება. მაგრამ, ეს ალბათ არის საკითხი, რომელიც დისკუსიის და მსჯელობის საგანი უნდა იყოს,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

არასამთავრობო სექტორში უკვე აქტიურად მიდის საუბარი იმ თემაზე, რომ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებაზე იფიქრონ. ისინი აცხადებენ, რომ საარჩევნო საკითხში მათი ინიციატივა მმართველმა გუნდმა აუცილებლად უნდა გაიზიაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში არასამთავრობოებმა შესაძლოა კომისია დატოვონ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშირისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანალიტიკოსი, გიორგი ბერაია აცხადებს, რომ მათ მიერ კომისიის დატოვების საკითხი დღისწესრიგში არ დგას.

დღის ამბები