01 ოქტომბერი 2024,   03:30
ვრცლად
სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასა ეწინააღმდეგება და მისთვის უფლებამოსილებების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს

პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასა და მისი უფლებების შეკვეცას კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამოქალაქო სექტორი.

საკონსტიტუციო კომისიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, შექმნილ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტს შეკვეცის ნაცვლად უფლებამოსილება უნდა გაიზარდოს.

„ყველაზე პრინციპული უკვე მას შემდეგ, რაც განისაზღვრება პრეზიდენტის არჩევის წესი, არის მისი კომპეტენციები ერთობლივი თვალსაზრისით, დამოუკიდებელი ორგანოების თანამდებობის პირების თანამდებობაზე გამწესების პროცედურებთან მიმართებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ვითარებაში პრეზიდენტს უნდა შეუნარჩუნდეს ეს უფლებამოსილებები და ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში ჩემი პოზიციაა, რომ გაეზარდოს კიდეც. მაგალითად, ისეთ საკითხზე, როგორიც არის მთავარი პროკურორის წარდგენა,“ - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

იმ შემთხვევაში, თუ განსხვავებული აზრი სამომავლოდ არ იქნება გათვალისწინებული, არასამთავრობო ორგანიზაციები მომავალში საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავენ.

„ჩვენნაირ ქვეყანაში ვფიქრობ, სჯობს, პირდაპირი წესით ირჩეოდეს პრეზიდენტი. უფლებამოსილებებს რაც შეეხება, აქაც ვფიქრობ, რომ გარკვეული უფლებამოსილებები შეიძლება, დაემატოს პრეზიდენტს მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა. მაგალითად, ვიფიქროთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაზე,“ - აცხადებს ლაშა ტუღუში.

უმრავლესობის ინიციატივით, პრეზიდენტს შესაძლოა, შეწყალების კანონზე ვეტოს დადებისა და ორმაგ მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილებაზე პრემიერის თანხმობა დასჭირდეს.
ახალი შეთავაზებით, პრეზიდენტს კონტრასიგნაციის გარეშე მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებული პარტიის პრემიერობის კანდიდატის წარდგენის, პარლამენტის დათხოვნის და საკუთარი ადმინისტრაციის თანამშრომლების დანიშვნის უფლებამოსილება რჩება. პრეზიდენტის უფლებების შეკვეცის ჩამონათვალშია უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები