01 ოქტომბერი 2024,   03:33
ვრცლად
ბათუმში ეკომიგრანტებისთვის აშენებულ სახლში 60-მდე ოჯახი შეიჭრა

გუშინ, გვიან ღამით, ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ეკომიგრანტებისთვის აგებულ სახლში 60-მდე ოჯახი შეიჭრა. ისინი შუახევის რაიონიდან არიან და, მათი განმარტებით, მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ.

შეჭრილებს შორის იყვნენ ასევე ბათუმისა და ქობულეთის მცოვრებლებიც, რომელთა თქმითაც, სოციალურად დაუცველები და უსახლკაროები არიან და ქირის თანხას ვეღარ იხდიან.

ადგილზე აჭარის მთავრობის წევრებიც მივიდნენ. როგორც აჭარის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულ შენობას ბენეფიციარები უკვე ჰყავს. მთავრობის წევრები შეჭრილებს მათი მდგომარეობის შესწავლასა და დახმარებას დაჰპირდნენ.

შენობაში სამართალდამცველებიც იყვნენ მობილიზებულები.

შენობა 9-სართულიანია და შიდა სამუშაოები დასრულებული არ არის.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ შეჭრილებმა შენობა დატოვეს. მათ აჭარის მთავრობის წევრებისგან პირობა მიიღეს, რომ ინდივიდუალურად ყველას პრობლემას შეისწავლიან და დაეხმარებიან.  

დღის ამბები