01 ოქტომბერი 2024,   03:45
ვრცლად
აქცია მერიასთან - გარემოვაჭრეების ნაწილი მერის მოადგილეს და ბაზრობების ასოციაციების წარმომადგენლებს ხვდებიან

მერიასთან საპროტესტო აქციები იმართება - გარემოვაჭრეები,  რომლებიც გუშინ მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს, ითხოვენ, რომ ან იმავე ადგილას დააბრუნონ და მისცენ იქ მუშაობის გაგრძელების საშუალება, ან ისინი უზრუნველყონ ალტერნატიული ფართით, რომელიც იქნება მათთვის ხელსაყრელი.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ნინოშვილის ქუჩაზე შესთავაზეს მუშაობის გაგრძელება, თუმცა აცხადებენ, რომ შეთავაზებული ფართი, არის საკმაოდ მიუდგომელ ადგილას.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი ტერიტორიიდან გაუფრთხილებლად გაუშვეს.

მოვაჭრეების ნაწილი უკვე თბილისის მერიაში შევიდნენ და ისინი შეხვედრებს მართავენ მერის მოადგილესა და ბაზრობების ასოციაციების წარმომადგენლებთან, თუმცა მანამდე, მათ მოთხოვნებზე განცხადება გააკეთა მერის მოადგილემ, რომელმაც განაცხადა, რომ გარემოვაჭრეებს სხვადასხვა ალტერნატიულ ადგილზე გადაანაწილებენ.

„ბოლო პერიოდში ძალიან გამძაფრებულია თბილისის ძალიან ბევრ უბანში, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, გარევაჭრობის შედეგად უსახური კონსტრუქციების მოწყობა. ამიტომ, თბილისელების თხოვნის საფუძველზე, თბილისის მერია ახორციელებს ამ შემზღუდავ ღონისძიებებს. რაც შეეხება ადამიანებს, რომელთა რიცხვი არის საკმაოდ მაღალი, თბილისის მერია აწარმოებს მოლაპარაკებას ბაზრობების ასოციაციასთან, რომლებიც თბილისის მასშტაბით ფლობენ 10-ზე მეტ ასეთ ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეებს დ არის მათი მხრიდან მზაობა, რომ დაახლოებით 3 ათასზე მეტი გარემოვაჭრისთვის გამოიძებნოს შესაბამისი ადგილი,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დღის ამბები