01 ოქტომბერი 2024,   03:40
ვრცლად
აქცია თბილისის მერიასთან - აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა შიმშილობა დაიწყეს

აქცია თბილისის მერიასთან - აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართეს. ისინი საკრებულოს დადგენილებას აპროტესტებენ.

დადგენილების თანახმად, შესაბამისი სერვისებით ისარგებლებენ მხოლოდ, აუტიზმის მქონე ის ბავშვები, რომლებიც თბილისში 2015 წლის პირველი ივლისამდე არიან დარეგისტრირებული.

მშობლები დისკრიმინაციულად მიიჩნევენ ამ დადგენილებას და მის გაუქმებას ითხოვენ. ამასთან, მშობლები პროგრამის დაფინანსების გაზრდასაც ითხოვენ.

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები თბილისის მერთან შეხვედრასაც ითხოვენ.

„რას უშვებიან იმ ბავშვებს, ვინც თბილისშია დაბადებული და გაზრდილი, რეგიონში არასდროს არ უცხოვრია, სად წავიდეს, რომელ რეგიონში იცხოვროს. არ შეიძლება ამ ბავშვების ასე გაწირვა. ჩვენი მოთხოვნაა დღეს დავით ნარმანიასთან შეხვედრა,“ - განაცხადა ორგანიზაცია ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ წარმომადგენელმა მარი კორკოტაძემ.

მშობლების მოთხოვნებს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა უპასუხა.

„პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა საკმაოდ სენსიტიური თემაა, მაგრამ ჩვენ ძირითადად კოორდინაციას გავაკეთებთ მხოლოდ ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის შემდეგ. ჩემი აზრით, დღეს ეს აქცია უფრო ემსახურება რაღაც თვითპოპულიზმს, ვიდრე რაიმე საქმეს," - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

დღის ამბები