01 ოქტომბერი 2024,   03:33
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვების გაშლას იწყებენ

ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვების გაშლას ცდილობენ. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადაცემაა.

საპროტესტო აქცია კანცელარიასთან რამდენიმე დღეა იმართება, დაზარალებული მოვაჭრეების ერთი ნაწილი რამდენიმე დღეა შიმშილობს კიდეც, თუმცა, მათი თქმით, ხელისუფლებას კონკრეტული გამოსავალი ჯერ არ შეუთავაზებია.

დღეს ბავშვთა სამყაროს წინ მჯდომარე აქციის მონაწილეები, კანცელარიასთან გადაინაცვლებენ და შიმშილობას იქ განაგრძობენ.

„ერთჯერადი დახმარება მოგვცენ, რაღაც საარსებო წყარო, რომ დავიწყოთ ეს ცხოვრება, იმიტომ რომ არავითარი საშუალება არ გვაქვს ამჟამად, რომ ვიარსებოთ. ასეთი გაჭირვება, როგორშიც დღეს ვიმყოფებით, ჩვენ არასდროს გვქონია,“ - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებული ადამიანები პირველად დახმარებას - 5000 ლარს ითხოვენ, ხოლო შემდეგ ბრძოლას სრული კომპენსაციისთვის გააგრძელებენ.

აქციის მოაწილეები პრემიერმინისტრთან შეხვედრასაც მოითხოვენ და მთავრობას 24 საათიან ვადას აძლევენ.

„შეხვედრას დღემდე ითხოვენ პრემიერმინისტრთან და პრემიერმინისტრი ჯიუტად არ გამოდის ამ ხალხთან და არ ელაპარაკება. არც თავის წარმომადგენელს უშვებს და ცალსახად საუბრობენ, რომ ეს არ არის ჩვენი საქმე და ჩვენ ამ საქმეში ვერ ჩავერევით,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დაზარალებულებმა კარვების გაშლა, წინა დღეებშიც რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ყველა მცდელობა პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. ისინი აანონსებენ, რომ კარვების გაშლას სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან დაიწყებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები