01 ოქტომბერი 2024,   03:28
ვრცლად
ანა დოლიძე უმრავლესობას მოუწოდებს, ფაქტებით ისაუბრონ

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე, აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ე.წ. მოსმენების კანონის ირგვლივ შინაარსობრივი დისკუსია სურს, რადგან ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელის თვისობრივ ცვლილებებს საჭიროებს.

„ჩვენი მოწოდება ამ შემთხვევაში არის ერთადერთი, რომ გაუმჯობესდეს ის კანონი, რომელიც ხელმოსაწერად შემოდის პრეზიდენტთან. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი კანონი, რომელთაგან ბევრი შემოდის პრეზიდენტთან და ის აწერს მათ ხელს. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის სფერო,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება სულ 6-ჯერ გამოიყენა და აქედან - 3 ფარული მიყურადების კანონთან მიმართებაში.

ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტი ვალდებულია ხელი არ მოაწეროს იმ კანონს, რომელიც კონსტიტუციის შესაბამისი არ არის.

„საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო მოსმენების კანონის პირველ ვერსიას და შემდეგ შესაბამისი მუხლები გააჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ და პარლამენტს მოუწია ხელახალი კანონის შემუშავება. პრეზიდენტმა დაადო ვეტო "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონს დაუმრავლესობამ ის დაძლია. ამბობდა, რომ ეს არის ვეტო ვეტოსთვის და საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვსაუბრობდით მოტივირებულ შენიშვნებში. საქართველოს პრეზიდენტმა დაადო ვეტო ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოსვლას, ეს გადაილახა პარლამენტის მიერ და აღმოჩნდა ახლა, რომ ის ტექსტი და ის პოზიცია, რომელიც იყო მოტივირებულ შენიშვნებში გამოთქმული, თავად უმრავლესობა იზიარებს ამ პოზიციას,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

მან მმართველ გუნდს მოუწოდა, მომავალში მხოლოდ ფაქტებით ისაუბროს და სწორედ ამ ფაქტების მიხედვით იმოქმედოს, რათა ბევრი ადამიანის ძვირფასი დრო არ დაიკარგოს.

ანა დოლიძე ფიქრობს, რომ ე.წ. მოსმენების კანონის კარგი ვერსიის მიღება ჯერ კიდევ 3 წლის წინ შეიძლებოდა და დღეს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და უფლება ბევრად უფრო დაცული იქნებოდა.

პრეზიდენტი 8 აპრილს პარლამენტში გეგმავს მისვლას. ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიურ ანგარიშში ქვეყანაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებს.

დღის ამბები