01 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
"არა ჩადებას" - შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია იმართება

"არა ჩადებას" - ქვეყანაში მოქმედ ნარკოპოლიტიკასა და მისი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აპროტესტებენ.

ორთაჭალაში შეკრებილები არიან რიგითი მოქალაქეები, დაკავებულების ოჯახის წევრები და მესამე სექტორის წარმომადგენლები. აქციაზე იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტის შვილი და სიძე.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ჯიბეები ამოიკერეს.

„ვაპროტესტებ ნარკოპოლიტიკას და გვერდში ვუდგავარ ჩემს მეგობარს, რომელსაც ნარკოტიკი ჩაუდეს და უკანონო პატიმრობაშია. ვაპირებ რომ ბოლომდე დავუდგე  მას გვერდში და ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მსგავსი პრობლემა შეექმნა. ვფიქრობ, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები რადგან ასე იდევნებიან, ალბათ არის რაღაცა კავშირი ამ ყველაფერში და მე მგონი ამაზე ყურადღება უნდა გამახვილდეს,“-განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

სამართალდამცველთა მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის სიძემ, მინდია გოგოჭურმა.

„როდესაც ჩვენ გასულ წელს ივნისში გაგვაჩერეს, გადმოგვიყვანეს მანქანიდან, გაგვჩხრიკეს, შემდეგ სახლშიც შემოვიდნენ და რა თქმა უნდა მანქანაც სუფთა იყო, სახლიც სუფთა იყო და ჩვენ სამივე სუფთა ვიყავით მე, თორნიკე კაჭარავა და მიხეილ თათარიშვილი. მაგის მერე შემოდიოდა მესიჯები ჩვენთან, რომ ქვეყანა უნდა დაგვეტოვებინა, თუ ქვეყანას არ დავტოვებდით მაშინ ჩაგვიდებდნენ. ან ნარკოტიკს ჩაგვიდებდნენ ან იარაღს ჩაგვიდებდნენ და რა თქმა უნდა რომ დაფიქრდები, მაგ ყველაფერს დააკავშირებს ერთმანეთთან,“-აცხადებს გოგოჭური.

გოგოჭური ამბობს, რომ მის სახლს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებენ.

აქციას ასევე ესწრება გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, რომლის შვილიც ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

„ჩვენ ამ მანქანას მოვახერხებთ და შევაჩერებთ, მოვახერხებთ იმას, რომ ეს შიში გავტეხოთ და პოლიციელების ძალადობას წინ აღვუდგეთ,“-განაცხადა ელისო კილაძემ.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი და თეთრი ხმაურია.

ამავე თემაზე
დღის ამბები