01 ოქტომბერი 2024,   03:40
ვრცლად
ირაკლი სესიაშვილის აზრით, პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში უფრო პრინციპული უნდა იყოს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, განცხადებებს საჯარო მოხელის ეთიკური ნორმების დარღვევით აკეთებს.

დეპუტატი გიორგი აბაშიშვილის მიერ დღეს უმრავლესობის მისამართით, ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გასვლისა და ე.წ. მოსმენების კანონის თაობაზე გამოთქმულ კრიტიკას აფასებს.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თავად პრეზიდენტიც კი ხშირად გველაპარაკება და გვესაუბრება ჩვენობით, ანუ კრებით ფორმატში გვესაუბრება და გვეუბნება. მე ვერ გავიგე, ვინ არის ეს ჩვენ, მე ვიცი საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ავირჩიეთ. ბატონი აბაშიშვილი რომ რაღაც განცხადებებს აკეთებს და საჯარო მოხელის არანაირ ეთიკურ ნორმებს არ იცავს, ეს არის აბაშიშვილის განცხადება თუ „ჩვენის“ ანუ კრებით ფორმაში გაკეთებული განცხადება, უკვე ვეღარ გავერკვიე,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი აზრით, განცხადებები თავად პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს და არა ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელმა.

"პრეზიდენტის ადმინიტრაციის რიგითი ჩინოვნიკი საკუთარი ფირებით არ უნდა გველაპარაკებოდეს," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ის აცხადებს, რომ ე.წ. მოსმენების კანონზე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ყოველ ჯერზე ერთმანეთისგან განსხავებულია. მისი აზრით, გიორგი მარგველაშვილი პრინციპული არ არის.

„უბრალოდ გაუგებარია ჩემთვის მისი ეს მოტივაციები და სამწუხაროდ, მე მიმანიშნებს, რომ რაღაც უპრინციპოდ უდგება. ამით მე მინდა იმის დემონსტრირება მოვახდინო, რომ სამწუხაროდ, ამ თემის პოლიტიზირება ხდება. ჩვენ რა კანონპროექტიც არ უნდა შეგვემუშავებინა, რა სისტემაც არ უნდა შეგვეთავაზებინა, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტი, ისე არასამთავრობო სექტორი, მაინც კრიტიკით დაკავდებოდა. იმიტომ რომ, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი აზრით, დღეს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი „მოდას აყვა“, რადგან რეალური არგუმენტები მათ არ გააჩნიათ.

ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. მოსმენების ახალი კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან სრულ თანხვედრაშია. მისი აზრით, კანონით უმრავლესობამ შეძლო სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის ოქროს შუალედისთვის მიეგნო.

ამავე თემაზე
დღის ამბები