01 ოქტომბერი 2024,   03:43
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასულიერო პირები დაიკითხნენ

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დეკანოზს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარის კიდევ ერთი მოთხოვნა სინოდის წევრების სასამართლო პროცესზე დაკითხვაა.

ამ დროისთვის გამოძიებას ჩვენება სინოდის 3-მა წევრმა მისცა. მათ შორის არის კათოლიკოს პატრიარქის მდივანი, რომლის ინფორმაციითაც ასევე დაიკითხნენ მეუფეები თეოდორი და იაკობი.

როგორც ცნობილია, ციანიდის საქმის სკანდალის შემდეგ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობა დატოვა. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ის რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოში იგივე თანამდებობაზე კვლავ დაბრუნდა.  

”რაც მქონდა ინფორმაცია, მივაწოდე იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ციანიდის საქმესთან დაკავშირებით. მოხსენიებული ვარ ერთ-ერთ წევრად, მამალაძე მახსენებს ჩანაწერში და ალბათ, ნახეთ. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, დაიკითხნენ მეუფე თეოდორი და მეუფე იაკობი“ - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

ადვოკატები სინოდის სხდომის იმ გადაწყვეტილების გაუქმებასაც ითხოვენ, რომლის მიხედვით მამა გიორგი მამალაძე გათავისუფლებულია საპატრიარქოში დაკავებული თანამდებობებიდან.

რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტის იოანე გამრეკელის თქმით, სანამ მამა გიორგი მამალაძე დაკავებულია, ის ვერ შეასრულებს კლინიკის დირექტორის მოვალეობას და რაც შეეხება მის გადაყენებას, მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ შესაძლოა მამა გიორგი გამართლდეს და მისი გადაყენება არ გახდეს საჭირო.

ის ასევე აღნიშნავს, რომ  ნდობას უცხადებს გამოძიებას, სასამართლოს და ელოდება გამოძიების შედეგებს.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები