01 ოქტომბერი 2024,   03:47
ვრცლად
ერთი დღე უვიზო მიმოსვლამდე - თბილისში საზეიმო ღონისძიებები იმართება

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით, დღეს ევროპის მოედანზე სპეციალურად  მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება.

ღონისძიება საღამოს 9 საათზე დაიწყება და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კი გუშინ თბილისში კლასიკური და ელექტრონული მუსიკის კონცერტით დასრულდა.

განახლებული აღმაშენებლის გამზირი თემატური დეკორაციებით და საქართველო-ევროკავშირის დროშებით იყო მორთული. ღონისძიებებს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგნლებიც დაესწრნენ.

„ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლა არ არის მხოლოდ იოლად მგზავრობა, არამედ ეს არის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ ევროპული ქვეყნებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან გავიზიაროთ დიდი გამოცდილება,“ - განაცხადა პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ.

ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც.

„ევროპასთან მეტი სიახლოვე ნიშნავს, როგორც მეტ განათლებას, ისე მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. იმედია, რომ ქართველი ხალხი ამ მონაპოვარს შეინარჩუნებს და ვერავინ გაბედავს, რომ ამ მიმართულებით უკან გადაიდგას ნაბიჯი,“ - აცხადებს ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერი გია ბარამიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები