01 ოქტომბერი 2024,   03:43
ვრცლად
უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში - თბილისში გალა კონცერტისთვის ემზადებიან

უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით გალა კონცერტი გაიმართება თბილისში. საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ინსტალაცია განათდება ევროპის მოედანზე. ღონისძიება საღამოს 9 საათზე დაიწყება და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

უკვე მზად არის სცენა, რომელიც დღეს ქართველ შემსრულებლებს დაეთმობათ.

„გალა კონცერტი გაიმართება ევროპის მოედანზე, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება და ორ საათს გაგრძელდება. ევროპის მოედანზე განთავსდა ევროკავშირისა და საქართველოს დროშები, რომელიც აქ მუდმივად დარჩება,“ - განმარტა თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ.

რეჟისორი ზაზა ორაშვილი ამბობს, რომ მსმენელს და მაყურებელს საინტერესო საღამო ელოდება. დღევანდელ კონცერტზე მაყურებლის წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის მომღერლები წარდგებიან. გარდა ამისა, დღევანდელი დღის აღსანიშნავად ქორეოგრაფიულ ნომრებს ერისიონი წარადგენს.

„მაყურებელს და მსმენელს ელოდება სასიამოვნო კონცერტი, მოისმენს ძალიან ბევრ მუსიკას, იქნებიან სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის წარმომადგენლები, ნახავენ საყვარელ სახეებს მუსიკალური სფეროდან, ცეცხლს დაანთებს ერისიონი, იქნებიან სოლო მომღერლები ორკესტრის თანხლებით, იქნება მუსიკალური ინსტალაციები, ისეთი პროგრამა, რომელიც დღესასწაულს და სასიხარულო თარიღს უხდება,“ - განაცხადა ზაზა ორაშვილმა.

დღის ამბები