01 ოქტომბერი 2024,   03:33
ვრცლად
იუსტიციის სამინისტრო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ინიციატივით გამოდის

იუსტიციის სამინისტრო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ინიციატივით გამოდის.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე გადაგზავნილია, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რამდენიმე მუხლში ცვლილებები შედის. მათ შორის, დაგეგმილია მარიხუანის მოხმარებაზე ფულადი ჯარიმების შემცირება და 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმება. მსუბუქდება პასუხისმგებლობა მარიხუანის დათესვაზეც და ამ შემთხვევაში სასჯელის სახედ საზოგადოებრივი შრომა იქნება გათვალისწინებული.

კანონპროექტი ითვალისწინებს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას და არა დეკრიმინალიზაციას. საუბარია სხვადასხვა მიმართულებით მიღებულ გარკვეულ ცვლილებებზე. ცვლილებები კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, განხორციელდება როგორც სისხლის სამართლებრივ კოდექსში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

„მცირე ოდენობით მარიხუანის და მცენარე კანაფის შეძენის, ფლობისთვის და ა.შ. აღარ იქნება ადმინისტრაციული პატიმრობა. ასევე ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლში, რომელიც ეხება დიდ ოდენობამდე მარიხუანის და მცენარე კანაფის შემცველი მცენარის დათესვას და კულტივირებას. ამ შემთხვევაშიც არ იქნება გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახით. გარდა ამისა, როდესაც საქმე ეხება დიდი ოდენობით, ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფის და მარიხუანის ფლობას, ამ შემთხვევაშიც სანქციები არის ბევრად უფრო ლიბერალური. მაგალითად, დიდი ოდენობისთვის, 4-7 წლით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად იქნება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, დიდი ოდენობის შემთხვევაში, 6-12 წლით თავისუფლების აღკვეთს ნაცვლად იქნება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ბარამიძემ.

დღის ამბები