01 ოქტომბერი 2024,   03:46
ვრცლად
რუსუდან კერვალიშვილის ოჯახი საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ცენტრ პოინტის საქმეზე სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ცენტრ პოინტის კიდევ ერთი დამფუძნებელი, რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. რუსუდან კერვალიშვილს და მის დას, მაია რჩეულიშვილს გამოძიება თაღლითური გზით 11 მილიონ ლარამდე თანხის მითვისებას ედავება. პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო მაია რჩეულიშვილი, რომელიც საქმეზე მანამდე იქნა დაკავებული. 

რუსუდან კერვალიშვილის შვილის ნინო დარასელის თქმით, ისინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

”არავის ჩვენს ოჯახზე მეტი ინტერესი, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო ვერ ექნებოდა უბრალოდ იმიტომ, რომ როცა მოგვარდებოდა დაზარალებულების პრობლემები, მოგვარდებოდა ჩვენი პრობლემებიც და დღეს მივაღწიეთ რას? 4 წლის წინ შეჩერებულ მშენებლობებს და განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო დაზარალებულ დაზარალებულებს. აუცილებლად გავასაჩივრებთ იმიტომ, რომ ძალიან დიდი პრობლემა მოხდა,“ - განაცხადა დარასელმა.

რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატი ასევე უკმაყოფილოა საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით. მარინე ცუცქირიძის თქმით, საქმე ეხება სუფთა სამოქალაქო სამართლებრივ დავის საგანს.  

“მაია რჩეულიშვილსაც და რუსუდან კერვალიშვილსაც შეფარდებული ჰქონდა სამი მუხლი. ყველაზე მძიმე მუხლი იყო 194-ე, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე, ამ ნაწილში უდანაშაულოდ ცნო სასამართლომ ორივე. რაც შეეხება შემდეგ ნაწილებს - 180-ე და 182-ე მუხლში ცნო დამნაშავედ და ორივეს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 4 წლის ვადით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმას, რომ თაღლითობასთან გვაქვს საქმე. ეს არის სუფთა სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი“ - აღნიშნა  მარინე ცუცქირიძემ.

დღის ამბები