04 მაისი 2024,   12:09
ვრცლად
"სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმების ერთადერთი პირობაა, უნდა გყავდეს დეპუტატი მამიკო ან მთავრობაში სიდედრი" - გიორგი გუგავა

ირაკლი სესიაშვილის დღევანდელ განცხადებას ნაციონალურ მოძრაობიდან უპასუხეს. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 2015 წელს მომხდარ მანქანის ქურდობაში სწორედ ირაკლი სესიაშვილის შვილის თითის ანაბეჭდები ფიგურირებს. როგორც ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, ფაქტის შესახებ დავით სესიაშვილის სუს-ში დასაქმების შემდეგ, მისი პირადი მონაცემების გადამოწმებისას გახდა ცნობილი, თუმცა მაღალჩინოსნების ჩარევის შედეგად ძიება ოფიციალურად აღარ დაწყებულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი ირმა ნადირაშვილი. მისი თქმით, სახეზე გვაქვს შემაშფოთებელი ტენდენცია.

“სახეზე გვაქს ინტერესთა კონფლიქტი სესიაშვილის მხრიდან. სახეზე გვაქვს სუს-ი, პოლიტიკური პოლიცია, სადაც მუშაობს წლუკიანის ქმარი, სესიაშვილის შვილი და ა.შ. სახეზე გვაქვს შემაშფოთებელი ტენდენცია, როდესაც სესიაშვილს უნდა დაისაჯოს ოპოზიციონერი იმის გამო, რომ ის გააკრიტიკეს, მაშინ როდესაც სესიაშვილი იმ გუნდის წევრია, ვინც ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა გამოიყენა ხელისუფლებაში მოსასვლელად და  ბერიკაშვილი დღემდე მინისტრის მოადგილეა“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აღნიშნავს, რომ პასუხის გაცემა უნდა მოხდეს დამადასტურებელი დოკუმენტების საშუალებით.

"ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის შვილი სუს-ში მუშაობს, უკვე დისკომფორტია გარკვეული და ამას საზოგადოება ვერ მიიღებს იმიტომ, რომ ნეპოტიზმთან გვაქვს საქმე. მეორეს მხრივ, სერიოზული ბრალდება, რომელსაც მარტო რომელიმე პარტიის დაცინვით კი არ უნდა უპასუხო, არამედ უფრო მეტად დოკუმენტები უნდა დავდოთ, რომ ხალხმა დაიჯეროს თორემ ნაციონალურ მოძრაობას დასცინებს თუ არა სესიაშვილი, ეს ხალხს საერთოდ არ აინტერესებს“ - აღნიშნა ქარდავამ.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას თქმით, უნდა მოხდეს არსებული მასალების გასაჯაროება.

“როგორც ასეულობით მაგალითიდან ჩანს, სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმების ერთადერთი პირობა არის, რომ უნდა გყავდეს დეპუტატი მამიკო ან მთავრობაში სიდედრი. აქ რომ არ გამოიკვეთოს მფარველობა, ასეთ შემთხვევაში მე საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია მთელი არსებული მასალების გასაჯაროება,“ - განაცხადა გუგავამ.  

დღის ამბები