03 მაისი 2024,   01:47
ვრცლად
უმრავლესობას არ მოუფიქრებია რა ფორმატს შესთავაზებს პრეზიდენტ საერთო სახალხო განხილვებისთვის

ხვალიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვები იწყება. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა ჩაერთოს სახალხო განხილვებში, თუმცა უმრავლესობას კი ჯერაც არ მოუფიქრებია რა ფორმატს შესთავაზებს პრეზიდენტს. სავარაუდოდ ამის შესახებ განცხადებას დღის ბოლოს თავად ირაკლი კობახიძე გააკეთებს, თუმცა ცნობილია, რომ საორგანიზაციო კომისიას ამ საკითხზე არანაირი კონსულტაცია არ გაუმართავს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე კი აცხადებს, რომ  პრეზიდენტის პოზიცია ჩაერთოს სახალხო განხილვებში პრობლემებს ქმნის.  

“პრეზიდენტმა მე ვფიქრობ თავად გაუხადა საფიქრალი უმრავლესობას, რამეთუ თავიდანვე გათვალისწინებულიც და სასურველიც იყო პრეზიდენტი ჩართულიყო ამ პროცესში, მაგრამ მან დაიწყო პარალელური აბსოლუტურად გაუმართლებელი პროცესი. როდესაც პრეზიდენტი  თავიდანვე უარს ამბობს უარს ამ პროცესებში ჩართვაზე და შემდეგ ფაქტიურად  საზოგადოებაში, ველზე გასული ბრუნდება და ის თითქოს გამოთქვამს სურვილს, რომ ის დაუბრუნდეს ამ პროცესებს, ამ კუთხით რა თქმა უნდა ქმნის პრობლემას,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, ის განსხვავებულ პოზიციებს პატივს სცემს, თუმცა არსებობს სტანდარტები და პირველ რიგში ამას უნდა მიექცეს ყურადღება. მისივე თქმით, ამ პროცესში ნებისმიერი განსხვავებული აზრი კიდევ უფრო გაამყარებს უმრავლესობის პოზიციებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით ისინი მიესალმებიან პრეზიდენტის ჩართვას  საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში. 

“მივესალმები პრეზიდენტის ჩართულობასაც და მის აქტიურობასაც ამ კუთხით იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ყველა მოქალაქის და ყველა ინსტიტუტის ფუნქცია არის, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს განხილვებში და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდეს ერთი ან ორი ადამიანის მოსაზრებიდან გამომდინარე. ჩვენ ამ სახალხო განხილვებში ბუნებრივია ვიღეთ მონაწილეობას იმიტომ, რომ ხალხს ავუხსნათ რატომ არის ეს ცვლილებები ცუდი,“ - განაცხადა კაპანაძემ.  

დღის ამბები