06 მაისი 2024,   04:02
ვრცლად
თორდიაზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიების თაობაზე საპარლამენტო ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე, ლაშა თორდიაზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებაზე დღეს პოლიტიკოსებმა რუსთავში ისაუბრეს, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვა მიმდინარეობს.  

საპარლამენტო ოპოზიციის, ევროპული საქართველოს წევრები, ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტის გამოსაძიებლად პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ.

„ძალიან სამწუხარო ამბავია ეს ინციდენტი, რომელიც გვაჩვენებს, რომ მართლაც სერიოზული სისუსტეა ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვინაიდან ეს საკითხი ეხება პარლამენტთან საკმაოდ მჭიდროდ დაკავშირებულ სტრუქტურას, აუდიტის სამსახურს, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ლოგიკური და სწორია, რომ საპარლამენტო გამოძიება იყოს,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ პატრიოტთა ალიანსში. პარტიაში ფიქრობენ, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა საჭირო არ არის.

„მე დაველოდებოდი გამოძიების შედეგებს და არ მიმაჩნია ახლა საჭიროდ, რომ მაინცდამაინც პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია. სამართალდამცველი სტრუქტურები აწარმოებენ გამოძიებას და დაველოდოთ მის შედეგებს,“ - განაცხადა ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრმა, ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები